რუსთაველის თეატრის წარმატებული გასტროლი მექსიკაში

 19 აპრილს, 14:00 საათზე, კულტურის სამინისტროში, მექსიკაში რუსთაველის თეატრის წარმატებულ გასტროლთან დაკავშირებით, შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართება.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, რუსთაველი თეატრის დირექტორი გია თევზაძე, რუსთაველი თეატრის მარკეტინგის უფროსი ია შერაზადიშვილი და მსახიობი ლელა ალიბეგაშვილი გაუძღვებიან.
29 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით, რუსთაველის თეატრის დასი მექსიკაში იმყოფებოდა. დასმა მონაწილეობა მიიღო მეხიკოს ისტორიული ცენტრის ფესტივალში (festival del Centro Historico de Ia Ciudad de Mexico) სპექტაკლით „მარია კალასი. გაკვეთილი“. წარმოდგენამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
„მარია კალასი. გაკვეთილი“ რუსთაველის თეატრმა სულ სამჯერ წარმოადგინა; ყურადღების ცენტრში, კალასის როლის შემსრულებელი ლელა ალიბეგაშვილი და მსახიობები დავით დარჩია, ლელა ახალაია, დავით უფლისაშვილი, ქეთი სვანიძე და ტენორი არჩილ გოგიტიძე მოექცნენ. რუსთაველის თეატრის სპექტაკლი ფესტივალის უმთავრეს მოვლენად იქცა.
აღსანიშნავია, რომ მექსიკის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოდან მხოლოდ რუსთაველის თეატრი იყო მიწვეული. ფესტივალის დირექტორი, სერხიო ველა განსაკუთრებულად იყო დაინტერესებული, რომ ფესტივალში მონაწილეობა სწორედ, რობერტ სტურუასა და მის დასს მიეღო.
რუსთაველის თეატრის წარმოდგენას ესწრებოდნენ: მექსიკის კულტურის მინისტრი, სხვადასხვა ქვეყნების ელჩები, საქართელოს საელჩოს მიწვევით მექსიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, მექსიკის საგარეო საქმეთა სამდივნოსა და სხვა სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები, ასევე, მექსიკის კულტურის მოღვაწენი.
საერთაშორისო გასტროლი გახორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით.
წელს, საქართველოსა და მექსიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნება. რუსთაველის თეატრის დასის მონაწილეობა მსოფლიოს მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებაში ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები