საქართველოში შესაძლოა, ინდოეთის საელჩო გაიხსნას და პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს

ეკონომიკის მინისტრის ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევის გარდა, საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნის, პირდაპირი ფრენების დანიშვნისა და სამხრეთ-ჩრდილოეთის სატრანსპორტო კორიდორში საქართველოს ჩართვის საკითხებზე იმსჯელეს.
ამ მიზნით, ინდოეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია იმყოფებოდა, რომელმაც ინდოეთის კომერციის მინისტრთან ერთად, ხელი მოაწერა საერთო განცხადებას თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ.
მინისტრის ინფორმაციით, კვლევის სავარაუდო ვადაა ექვსი თვე, თუმცა ორივე მხრიდან მიზანშეწონილობის დაფიქსირების შემთხვევაში, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება უფრო მოკლე დროში გაფორმდება.
„ეს არის ქვეყანა 1 მილიარდ 250 მილიონი მოსახლეობით, უზარმაზარი ბაზარია. 2016 წელს მათი ეკონომიკის ზრდა იყო 7,5% და ძალიან დინამიურად განვითარებადი ქვეყანაა. ხუთ სამინისტროში გაიმართა შეხვედრები და ძალიან მნიშვნელოვანი თემები განვიხილეთ, მათ შორის, საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნა, პირდაპირი ფრენები. ასევე, მნიშვნელოვანი თემაა სატრანსპორტო კორიდორი სამხრეთი-ჩრდილოეთი მუმბაი-ბანდერაბასი-აზერბაიჯანი, რომლის ძირითადი ხაზი მიდის ჩრდილოეთის, სანკტ-პეტერბურგის და ბალტიისპირეთის პორტებზე. ჩვენ რუკაზე დავიტანეთ ასევე, შავი ზღვის ქართული პორტები და გადავწყვიტეთ, უახლოეს მომავალში დაიგეგმოს ჩვენი რკინიგზის ვიზიტი, რომ ტექნიკურ დონეზე დაიწყოს ამ თემის შესწავლა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები