საკონსტიტუციო ცვლილებები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითვალისწინებს

საქართველოში შესაძლოა, პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდეს და მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს.

შესაბამისს ცვლილებას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მომზადებული პროექტი ითვალისწინებს, სადაც აღნიშნულია, რომ პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისგან.

რაც შეეხება პარლამენტის წევრის მანდატების გადანაწილების წესს, ცვლილებებით, მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც მიიღებენ.

პროექტით, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე მრავლდება და ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე იყოფა, მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი კი, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაა.
სამუშაო ვერსიით, თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
ამასთან, პროექტში მითითებული არ არის, კონკრეტულად როდიდან ამოქმედდება ეს ნორმა.
კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქციით, საქართველოს პარლამენტი პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები