ეკა ბესელია: უმრავლესობა კონსტიტუციაში სამოქალაქო პარტნიორობის განსაზღვრას არ დაეთანხმება

“უმრავლესობა კონსტიტუციაში სამოქალაქო პარტნიორობის განსაზღვრას არ დაეთანხმება”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივის კომენტირებისას განუცხადა.
„არ მგონია, რომ ამ მოსაზრებას დაეთანხმოს უმრავლესობა, თუმცა, ვნახოთ. პირად ცხოვრებას ვინ როგორ მოიწყობს და ვის როგორ ურჩევნია, რომ განსაზღვროს თავისი პირადი სივრცე, ამაში არავინ ერევა. მაგრამ როდესაც საუბარია ქვეყნის ძირითად კანონზე, განსაზღვრება ხდება რა არის ქორწინება და არა ოჯახი. როდესაც ქორწინების დეფინიცია განისაზღვრება, ევროპულ კონვენციასაც რომ ჩავხედოთ ადამიანის უფლებების და თავისუფლების შესახებ, ქალი და კაცი არის ნახსენები. კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა იყო კონსტიტუციური ცვლილების პროექტი, რომელიც ინიცირებული იყო წინა პარლამენტშიც და ამას მოჰყვა საერთო-სახალხო განხილვა. ჩვენ თუ პატივს ვცემთ მოსახლეობას და მის დამოკიდებულებას, პატივი უნდა ვცეთ იმ პროცესს, როდესაც საქართველოს ყველა კუთხეში, გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა, ჩავატარეთ საერთო-სახალხო განხილვა და ამ ცვლილების მიმართ იყო ერთსულოვანი განწყობა. მეორე მხრივ, ეს იყო ჩვენს საარჩევნო პროგრამაშიც. ამასთან, ეს ჩანაწერი არავის უფლებას არ ზღუდავს და არ აკნინებს და მე არ მგონია, რომ ჩვენ ამ ჩანაწერზე უარი უნდა ვთქვათ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
არასამთავრობო ორგანიზაციები ინიციატივას კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის შესახებ უარყოფითად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ძალაში შესვლის შემთხვევაში, აუცილებელია ასევე, კონსტიტუციით გარანტირებული იყოს ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის შესაძლებლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები