ქუთაისის „თი-ბი-სი გალერეა“ ოტია იოსელიანის წიგნის წარდგინებას უმასპინძლებს

8 აპრილს, 14:00 საათზე, ქუთაისის „თი-ბი-სი გალერეაში“ ოტია იოსელიანის წიგნის – „წერილები დაჩის” წარდგინება გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წიგნი გამომცემლობა „ინტელექტმა” 2017 წელს, დეა სოსელიას ილუსტრაციებით გამოსცა. მისი წარდგინების პარალელურად, „თი-ბი-სი გალერეაში“ დეა სოსელიას ნამუშევრებიც გამოიფინება.
ოტია იოსელიანის „წერილები დაჩის” თაობებს შორის დიალოგის ანაბეჭდია. დაჩი მწერლის ვაჟია. იმის მიუხედავად, რომ კრებულს კონკრეტული ადრესატი ჰყავს, ბარათების ფორმით დაწერილი ეს ნოველები, ჩანაწერები თუ მინიატიურები, მაინც სცილდება კონკრეტულ საზღვრებს და ადრესატში არამხოლოდ ზოგადად ახალგაზრდა თაობას მოიაზრებს, არამედ ყველა სავარაუდო მსმენელსა თუ მკითხველს. მეგობრობა, მარტოობა, შემოქმედება, პატივმოყვარეობა, სამშობლო, რწმენა… კრებულში უამრავი თემა იყრის თავს. თითოეულზე დაფიქრება, განსჯა და გადაწყვეტილების მიღება ცხოვრების გზას განსაზღვრავს.
წარდგინებაზე მისულ მკითხველს შესაძლებლობა ექნება, ოტია იოსელიანის „წერილები დაჩის”, ასევე, „ინტელექტის” სხვა ახალი გამოცემები სპეციალურ ფასად შეიძინოს.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები