„ჩვენ გვჭირდება მაღალავტორიტეტულ ევროპელ ექსპერტთა მისია,რომელიც სასამართლო კრიზისის ზუსტ მიზეზებს გამოკვეთს“

“გვჭირდება მაღალავტორიტეტულ ევროპელ ექსპერტთა მისია, რომელიც სასამართლო კრიზისის ზუსტ მიზეზებს გამოკვეთს და დაგვეხმარება გამოსავლის ძიებაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას სასამართლო სისტემაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლო დროს, საერთო სასამართლოებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამ სფეროში კრიზისია.
პოლიტიკოსებს გვყავს მხარდამჭერები, მაგრამ გვყავს კრიტიკოსებიც. დემოკრატიული სახელმწიფოს აქსიომაა, რომ კრიტიკოსებს ჰქონდეთ თავიანთი შეხედულების მტკიცების უფლება როგორც საჯაროდ, ასევე სამართლებრივად. სწორედ ასე მთლიანდება საზოგადოება – სხვისი პოზიციის მოსმენის უნარით და ობიექტურ სამსჯავროზე სამართლის პოვნის იმედით. სასამართლო სისტემა ჩემი მუდმივი ზრუნვის საგანია. მოსამართლეთა მეტი დაცულობა და დამოუკიდებლობა, სასამართლო სისტემის მეტი დემოკრატიულობა, ჩემი არაერთი პოლიტიკური განცხადების, თუ ნაბიჯის საფუძველი გახდა. თუმცა, ამ პროცესის მთავარი აქტორები თავად მოსამართლეები უნდა იყვნენ. ბრძოლა სასამართლოს თავისუფლებისთვის უნდა მიმდინარეობდეს თითოეულ სასამართლოში, თითოეულ დარბაზში, მოსამართლის კაბინეტსა, თუ სათათბირო ოთახში. ეს ტვირთი ყველამ უნდა აიღოს თავის თავზე. სამწუხაროდ, თავად მოსამართლეთა კორპუსი ამ საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობას სრული დუმილით ხვდება. ბოლო დროს საერთო სასამართლოებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამ სფეროში კრიზისია. შემოდგომაზე მე ვახსენე ამ კრიზისის გადაწყვეტაში ევროპის კავშირის ექსპერტთა მისიის ჩართულობის აუცილებლობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ჩვენ გვჭირდება მაღალავტორიტეტულ ევროპელ ექსპერტთა მისია, რომელიც სასამართლო კრიზისის ზუსტ მიზეზებს გამოკვეთს და დაგვეხმარება გამოსავლის ძიებაში“, -განაცხადა პრეზიდენტმა.
მისვე თქმით, სასამართლო სისტემის უკვე ტრადიციად ქცეული სირთულეების ფონზე, უმნიშვნელოვანესი იქნებოდა ყველაზე თამამი და არაორდინალური მოსაზრებების მოსმენა, სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები