გიორგი მარგველაშვილი: იმედი მაქვს, დადგება დრო, როდესაც ერთიანი საქართველოს ლიდერი, კედლის მიღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქე გახდება

“იმედი მაქვს, დადგება დრო, როდესაც საქართველოში ხელოვნურად აღმართული კედლები დაინგრევა და ერთიანი საქართველოს ლიდერი კედლის მიღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქე გახდება”,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მეგობარი სახელმწიფოების აქტიური ჩართულობით, უნდა შეიქმნას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანტიანექსიური პოლიტიკა და გადაიდგას შეთანხმებული ნაბიჯები ანექსიის თავიდან ასაცილებლად.
“არ შეიძლება, დღესვე უმწვავესი რეაქცია არ გვქონდეს ახალი გამყოფი ხაზებისა და მავთულხლართების გავლების პოლიტიკაზე, გალის რაიონის სკოლებში ქართულენოვანი სწავლების შეზღუდვაზე, ადამიანების გატაცებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული ძეგლების ხელყოფის ფაქტებზე. ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან თემებზე ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ.
აქვე, მინდა მივმართო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს – ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბერლინის კედელი დაინგრეოდა და გაერთიანებული გერმანიის ლიდერი აღმოსავლეთ გერმანიის მკვიდრი გახდებოდა. იმედი მაქვს, დადგება დრო, როდესაც საქართველოში ხელოვნურად აღმართული კედლებიც დაინგრევა და ერთიანი საქართველოს ლიდერი კედლის მიღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქე გახდება.
დადგება დრო, როდესაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან გახლეჩილი საზოგადოება გაერთიანდება, როდესაც ქართველები, აფხაზები, ოსები შევძლებთ, ვიპოვოთ ეს გამაერთიანებელი, როდესაც დევნილები უსაფრთხოდ დაბრუნდებიან.
დღეს, თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, უმნიშვნელოვანესია ქართული პრობლემატიკის კიდევ უფრო გააქტიურება და ვაშინგტონის რადარებზე აქტიურად დაფიქსირება. თანამშრომლობისა და პარტნიორებთან აქტიური პოლიტიკის წარმატებული მაგალითია არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც ქართული სახელმწიფო და პარტნიორები წარმატებით ვახორციელებთ. ამ წარმატების საპასუხოდ, რუსეთის ფედერაცია დგამს ნაბიჯებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით“, -განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები