გიორგი მარგველაშვილი: მეწარმეებისთვის პირობების შექმნა, ხელისუფლების არა კეთილი ნება, არამედ საღი აზრის გამოვლინებაა

„მეწარმეებისთვის პირობების შექმნა, ხელისუფლების არა კეთილი ნება, არამედ საღი აზრის გამოვლინებაა“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა, სადაც გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე ისაუბრა.
გიორგი მარგველაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, ბოლო დროს ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდეციაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ბოლო ხანს, შესამჩნევია ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენციაც, რაც, მათ შორის, მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმატებული ერთობლივი მუშაობის შედეგია. თუმცა, აქვე გვერდს ვერ ავუვლით მაღალ ინფლაციურ ფონს, რაც უმძიმესი ტვირთია მოსახლეობისთვის და კერძო სექტორიც ორმაგი წნეხის ქვეშაა. რადგან, ერთი მხრივ, ძვირდება წარმოება და მეორე მხრივ, იკლებს პროდუქტის რეალიზაცია.
ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ ეკონომიკა, მეწარმეობა, სახელმწიფოს ფუნქციონირების საფუძველია. შესაბამისად, მეწარმეებისთვის პირობების შექმნა ხელისუფლების არა კეთილი ნება, არამედ საღი აზრის გამოვლინებაა. ხელისუფლება ბიზნესთან კონსულტაციებს, თანამშრომლობას, ხელის შეწყობას უნდა აღიქვამდეს არა როგორც პრეროგატივას, არამედ ვალდებულებას! მეტიც, უნდა აღიქვამდეს თავისივე გადარჩენისა და ფუნქციონირების წინაპირობად. და თუ ჩვენ ეს ჭეშმარიტება კარგად გვესმის, მაშინ ეკონომიკური რეფორმების შემუშავება და დანერგვა ბიზნესთან კონსულტაციების გარეშე არ უნდა ხდებოდეს. მაშინ, სამუშაო ადგილების შემქმნელი სექტორის მხარდაჭერა, სახელმწიფოს სტრატეგიული მიზანი უნდა იყოს. მაშინ, უნდა ამუშავდეს კერძო არბიტრაჟი, როგორც ბიზნესდავების განხილვის, ეფექტური და ალტერნატიული საშუალება. მაშინ, კერძო და სახელმწიფო სექტორი ერთიანი ძალისხმევით უნდა მოქმედებდეს. კერძოდ კი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ბიზნესის დაჯარიმების გზით, არა მის შესუსტებაზე, არამედ ბიზნესთან პარტნიორობასა და მეწარმეების მხრიდან დარღვევების თავიდან აცილებაზე უნდა იყოს ორიენტირებული “, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა დარბაზში მყოფ დეპუტატებს და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს, მოუწოდა, რომ მათ მოუსმინონ ბიზნესმენებს. კერძოდ, ვინც ქვეყანაში ქმნის დოვლათს.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გასაგრძელებელი და გასაღრმავებელია პროექტები, რომელიც საქართველოს მთავრობის აქტიური ძალისხმევით განხორციელდა.
„მოუსმინოთ მათ, ვინც ქმნის ერის დოვლათს! პარალელურად, ხაზგასასმელია სახელმწიფოს როლი ქვეყანაში კონკურენტული გარემოს შენარჩუნების კუთხით, რაც მთლიანობაში, ძლიერი ეკონომიკის წინაპირობაა. თვალი გავუსწოროთ ბოლოდროინდელ ტენდენციას, როდესაც მსხვილი ბიზნესი კიდევ უფრო მსხვილდება, შედარებით მცირე ბიზნესის შესყიდვა-შერწყმის ხარჯზე. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა საფინანსო სექტორში, სადაც არაპროფილური მიმართულების მქონე კომპანიები ჰოლდინგებში ერთიანდებიან და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ბაზრის კონტროლისკენ მიილტვიან. ასეთ პირობებში, მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ გაძლიერდება, ვერც დასაქმების პრობლემა გადაიჭრება. ამ პირობებში, მომხმარებელთა უფლებები დაუცველია ფასწარმოქნის ნაწილშიც. ამიტომ, საჭიროა კონკურენციის კანონის უფრო ქმედითად ფორმულირება, აღსრულება და კონკურენციის სააგენტოს უფრო გააქტიურება. გასაგრძელებელი და გასაღრმავებელია ის პოზიტიური პროექტები, რომელიც საქართველოს მთავრობის აქტიური ძალისხმევით განხორციელდა – „აწარმოე საქართველოში”, „სტარტაპ საქართველო”, „დანერგე მომავალი” და სხვა. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მომავალში ქვეყნის სატრანზიტო, ლოჯისტიკურ და ტურისტულ პოტენციალს გაზრდის.
ვფიქრობ, ასევე თამამი ნაბიჯი იქნებოდა, კაპიტალის ბაზრის განვითარება, რაც გრძელვადიან და ალტერნატიულ ფულად რესურსს გააჩენდა კერძო სექტორის გასაძლიერებლად. ამასთანავე, საპენსიო რეფორმის დროული განხორციელება, ამ სტრატეგიას უფრო ეფექტურს გახდიდა“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ყოველწლიური ანგარიშის მოხსენების დროს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშს პარლამენტში 99 დეპუტატი ისმენს. პლენარულ სხდომას პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუციების ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები