რას ფიქრობენ მწეველი და არამწეველი დეპუტატები თამბაქოს შესახებ კანონზე – ადვილი არ არის მოწევაზე თავის დანებება

​საქართველოს პარლამენტმა “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით გუშინ მიიღო. კანონპროექტის თანახმად, დახურულ შენობებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის ბარებში და რესტორნებში მოწევა 2018 წლის მაისიდან აიკრძალება. აკრძალვა სტადიონებზე 2020 წელს გავრცელდება.
კანონპროექტით, ასევე გათვალისწინებულია თამბაქოს ყველა სახის რეკლამის აკრძალვა და მისი რეალიზაცია თვალსაჩინო ადგილას. შეზღუდვები გაყიდვასა და რეკლამის გაუქმებაზე ეტაპობრივად 2018-დან 2020 წლამდე განხორციელდება.
სამედიცინო გაფრთხილების ზომა 30-დან 65%-მდე მოიმატებს, დაჯარიმების წესი გამარტივდება და გაიზრდება საჯარიმო სანქციები. ახლებურად განისაზღვრება თამბაქოს აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების რეალიზაცია და განლაგება. აიკრძალება თამბაქოს ახალი სახის ნაწარმის საქართველოში რეალიზაცია.
„კვირა“ დაინტერესდა, თუ რას ფიქრობენ მწეველი და არა მწეველი დეპუტატები ცვლილებებთან დაკავშირებით. მიუხედავად მრავალწლიანი მწეველობისა, კანონმდებელთა ნაწილი კანონში შესატან ცვლილებებს სრულად იზიარებს და მიიჩნევს, რომ ცვლილებები არა საზოგადოების ნაწილის ნების წინააღმდეგ, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისკენაა მიმართული, რომელშიც თანამედროვე მსოფლიო აქტიურადაა ჩართული.
​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია: “სამწუხაროდ, მწეველი ვარ, თუმცა მივესალმები თამბაქოს მოწევაზე მაქსიმალური შეზღუდვის დაწესებას. ევროპაში თითქმის ყველგან არის მსგავსი ტიპის შეზღუდვა. არც ერთ რესტორანში, კაფეებში და დახურულ სივრცეებში არ ეწევიან. ნელ-ნელა უნდა მივეჩვიოთ ჩვენც. მართალია, გაგვიჭირდება , მაგრამ უნდა შევძლოთ. ამ ცვლილებებს მხარს დავუჭერ, იმის მიუხედავად, რომ ეს ჩემი ნების საწინააღმდეგო იქნება. ყველამ ვიცით, რომ თამბაქო მავნებელია ჩვენთვის და მავნებელია სხვისთვისაც. მწეველებს გაუჭირდებათ გარკვეული ხანი, მაგრამ ნელ-ნელა ამ პრობლემას უნდა მივხედოთ”.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ემზარ კვიციანი: “პოტენციური მწეველები მეცოდებიან, მაგრამ მათი შვილები და შთამომავლობა უფრო მეცოდება. ამიტომაც ჯობია, რომ თამბაქოს მოხმარებაზე იყოს შეზღუდვები და მომავალი თაობა გაიზარდოს ჯანსაღი ცხოვრებითა და სუფთა ჰაერით. მე უკვე 32 წელია არამწეველი ვარ და ცხოვრება ასე უფრო სასიამოვნოა”.
ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი გიგი წერეთელი: “უკვე მრავალი წელია არამწეველი ვარ. კანონში შესატან ცვლილებებს მხარს ვუჭერ, თუმცა გარკვეული შენიშვნები მეორე მოსმენისთვის აუცილებლად გვექნება, რადგან არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. თუ, მაგალითად, სასტუმროებს ავუკრძალავთ მწეველი ტურისტების მიღებას, ეს არცთუ ისე კარგია. ასეთი სასტუმრო იშვიათია მსოფლიოში. ყველაგან არის მწეველთა ოთახები და ეს ბიზნესსაც რაღაცნაირად შეღავათს აძლევს, მით უმეტეს, ტურისტულ ქვეყანაში, რომლისკენაც ჩვენ მივდივართ. ამიტომ ვფიქრობთ, უნდა იყოს გონივრული რეგულაციები. იმედი მაქვს, რომ მეორე მოსმენისთვის გაცილებით უფრო დაიხვეწება და შენიშვნები იქნება გათვალისწინებული”.
​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი: “მრავალი წელია მწეველი ვარ, თუმცა ხანდახან დგება მომენტი, როდესაც უნდა იფიქრო​ ეროვნულ ინტერესებზე და სერიოზული ნაბიჯი გადადგა არამარტო შენს პირად ცხოვრებაში, არამედ საზოგადოების ცხოვრებაში და მათთვის რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთო. უმძიმესი მდგომარეობა არის შექმნილი ჯანმრთელობის მხრივ საქართველოში. ამ მძიმე მდგომარეობის განმაპირობებელი სერიოზული ფაქტორი არის თამბაქოსთან საზოგადოების დიდი ნაწილის ურთიერთობა, მათ შორის ახალგაზრდების. ასე რომ, არსებობს რაღაც საკითხი, რომელიც არანაირად არ უკავშირდება და არ წარმოადგენს ვალდებულება -აუცილებლობას, გარკვეული სამართლებრივი ან პოლიტიკური თვალსაზრისით. არსებობს თემა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საგანგებო ნაწილს უკავშირდება. იმდენად დიდია ზარალი, რომ ეს დიდი დისკომფორტი უნდა გადავლახოთ. რა თქმა უნდა, ასე ადვილი არ არის მოწევაზე თავის დანებება, ნარკოდამოკიდებულებაზე ნაკლები დამოკიდებულება არ გააჩნია, მაგრამ არსებობს ერის ცხოვრებაში კრიტიკული მომენტი, როდესაც არჩევანი უნდა გააკეთო რაღაც დისკომფორტის ხარჯზე. კანონში შესატან ცვლილებებს სრულიად შეგნებულად ვუჭერ მხარს. ეს არის აბსოლუტურად პრაგმატული გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნული ინტერესების წამოწევას ითვალისწინებს. ეროვნული ინტერესების ერთ ერთი მიმართულება კი არის ჯანმრთელობა”.
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი: “თამბაქოზე დამოკიდებულების მიუხედავად, არსებობს დაუწერელი წესები და კანონები. თანამედროვე მსოფლიო, ცივილიზებული სამყარო გადადის ისეთ სტანდარტზე, რომელიც გულისხმობს კონკრეტულ ადგილებში თამბაქოს მოწევის შეზღუდვას. მსოფლიო ქვეყნების დედაქალაქებში, სხვადასხვა დაწესებულებებში ეს შეზღუდვა უკვე მოქმედებს და თუ თქვენ მეტყვით, რომ საფრანგეთი, გერმანია ან ინგლისი ზღუდავს მწეველთა უფლებებს, ეს შეიძლება საკამათო იყოს. როდესაც რა თქმა უნდა, აკრძალვის ახალი ნორმები შემოდის, ის, მეტნაკლებად, ურტყამს იმ ადამიანების ინტერესს, რომლებიც თამბაქოს აქტიური მომხმარებლები არიან, მაგრამ როდესაც მკვიდრდება ახალი წესები, ეს მწეველებიც მოირგებენ იმ ახალ კანონმდებლობას და იმ ადგილებში მოწევენ, სადაც ეს დაშვებული იქნება.
​დეპუტატების მოსაზრებებისა და თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების მიუხედავად, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში დაგეგმილმა ცვლილებებმა მწეველთა ფართო წრე გაანაწყენა. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მათ უფლებებს მნიშვნელოვნად ზღუდავს. ცვლილებებთან დაკავშირებით თბილისის მოსახლეობის განწყობით კვლევითი კომპანია „ეისითი“ დაინტერესდა.
კვლევის თანახმად, თბილისის მოსახლეობის 26 პროცენტი შენობებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვის მომხრეა, 64 პროცენტი კი ფიქრობს, რომ შენობებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მწეველებისთვის სპეციალური ზონები უნდა გამოიყოს. შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრული თბილისელიდან მხოლოდ 10 პროცენტი თვლის, რომ თამბაქოს მოხმარება საერთოდ არ უნდა შეიზღუდოს. აქვე, აღსანიშნავია, რომ თბილისის მოსახლეობის 31 პროცენტი თამბაქოს მომხმარებელია. თამბაქოს თბილისელი ქალების 18 პროცენტი ეწევა, კაცების კი -48 პროცენტი.
​კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძეა. კანონპროექტის მეორე მოსმენაზე კანონის მიღების შემდეგ, მისი ადმინისტრირების წესი უნდა გადაწყდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები