გუკა რჩეულიშვილი 30 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

“ცენტრ პოინტის“ საქმეზე, ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე ბრალდებული გუკა რჩეულიშვილი 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

პროკურატურა მის გათავისუფლებას 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა.
დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას გირაოს გამოყენების თაობაზე არ დაეთანხმა, თუმცა სასამართლოს სთხოვა, რომ გირაოს თანხა 10 000 ლარით განისაზღვროს.
ამასთან, პროკურორებმა გირაოსთან ერთად, ბრალდებულისთვის საქართველოს პასპორტის ჩამორთმევაც ითხოვეს, ვინაიდან, როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, კვლავ არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე.
აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გურამ რჩეულიშვილს საქართველოს პასპორტი და პირადობის მოწმობა ჩამოერთვა.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამავე საქმეზე ბრალდებულ მაია რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიება გაუუქმდა.
გურამ რჩეულიშვილს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 9-თვიანი ვადა 12 აპრილს ეწურებოდა.
დღევანდელ სხდომას გურამ რჩეულიშვილი არ ესწრებოდა. ბრალდებული საპატიმრო დაწესებულებას ტექნიკური დეტალების მოგვარების შემდეგ დატოვებს.
ამავე საქმეზე ბრალდებული „ცენტრ პოინტ აჭარას“ თანამშრომელი ირაკლი მინდელი გირაოს სანაცვლოდ, გასულ წელს გათავისუფლდა.
რაც შეეხება სალომე ჩარკვიანს, რომელიც აღნიშნულ საქმეზე იყო ბრალდებული, საპროცესო შეთანხმების საფუძველზეა გათავისუფლებული.
ე.წ. მაგნოლიას ეპიზოდზე „ცენტრ პოინტი აჭარას“ თანამშრომლები – სალომე ჩარკვიანი და ირაკლი მინდელი, მაია რჩეულიშვილი და გუკა რჩეულიშვილი  სხვისი ქონების გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, შპს „ცენტრ პოინტ აჭარას“ ბათუმში სამი ობიექტის მშენებლობა უნდა განეხორციელებინა, კერძოდ კი, საცხოვრებელი სახლები უნდა აშენებულიყო პუშკინისა და ბაგრატიონის ქუჩებზე, რუსთაველის ქუჩაზე კი საცხოვრებელი კომპლექსი „თეთრი მაგნოლია“.
საგამოძიებო უწყების ცნობით, შპს „ცენტრ პოინტ აჭარამ“ არ უზრუნველყო ობიექტების მშენებლობა პუშკინის და ბაგრატიონის ქუჩაზე, არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები საცხოვრებელი კომპლექსის, „თეთრი მაგნოლიის“ მენაშენეების მიმართ, რის გამოც მოქალაქეებმა განიცადეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
მაია რჩეულიშვილის, ირაკლი მინდელის, სალომე ჩარკვიანის და გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები