პრემიერი: ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა წელიწადზე ნაკლებ დროში დასრულდება

“ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა წელიწადზე ნაკლებ დროში დასრულდება”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სარკინიგზო გაჩერება ქუთაისის აეროპორტთან იქნება უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მთავრობის 4-პუნქტიანი განვითარების გეგმის ერთ-ერთი კომპონენტის – სივრცითი მოწყობის ნაწილია.

„ეს არის სამგზავრო მატარებლის გაჩერება, რომელიც ზუსტად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ჭიშკრის წინ იქნება, ანუ ქუთაისში ჩასულ მგზავრებს, როგორც თვითმფრინავით, ისე მატარებლით, საფეხმავლო ბილიკი აკავშირებს ერთმანეთს და ყველა სამგზავრო მატარებელი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით და პირიქით იმოძრავებს, გაჩერდება ქუთაისის აეროპორტის ჭიშკრის წინ. ეს იქნება დღევანდელი სტატისტიკით, დაახლოებით 12 მატარებელი 24 საათის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, საქართველოს ყველა წერტილიდან აეროპორტის მიმართულებით თუ პირიქით, ჩამოსული მგზავრებისთვის საქართველოს ნებისმიერ წერტილში მისვლა იქნება ძალიან იოლი.
ეს, თავისთავად, ნიშნავს იმას, რომ ქუთაისი ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი ლოგისტიკური, ტურისტული თვალსაზრისით და პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისთვის. მინდა ვისურვო, რომ ეს იქნება 1 წელზე ნაკლები დროში. ჩვენ ერთი წელი ავიღეთ, როგორც სავარაუდო დაგეგმარებით საჭირო დრო, მაგრამ საქართველოს რკინიგზა, რომელიც ახორციელებს ამ პროექტს, ვფიქრობ, რომ უფრო მალე დაასრულებს მას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები