დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები გაუთქმელობის პირობის მოხსნას ითხოვენ

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები გაუთქმელობის პირობის მოხსნას ითხოვენ და მიაჩნიათ, რომ პროკურატურა თანასწორობის პრინციპს არღვევს. სწორედ ამ მოტივით, ადვოკატებმა და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.
„ვერ ვახერხებთ დეკანოზის დაცვას, რადგან ვერ ვასაჯაროებთ საქმის დეტალებს და ეს ერთგვარად არის შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპის დარღვევა. ვასაჩივრებთ პროკურატურაში და იმედი გვაქვს, მოგვეხსნება გაუთქმელობის პირობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ, ჩვენ ვიცავთ კანონს და მივმართავთ პროკურატურას საჩივრით, რომ იქნებ ამ ჯერზე მაინც დაკმაყოფილდეს მოთხოვნა. სამ დღეში უნდა გაეცეს ჩვენს საჩივარს პასუხი“, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ეკა ლომიძის ინფორმაციით, თუ პროკურატურა სამი დღის ვადაში გაუთქმელობის პირობას არ მოუხსნის, ისინი არ გამორიცხავენ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.
​„ჩვენ ვთანამშრომლობთ დეკანოზის ადვოკატებთან, ერთობლივად მოვამზადეთ საჩივარი და მივმართავთ პროკურატურას, რომ ადვოკატებს მოეხსნათ გაუთქმელობის პირობა, რადგან ვერ ხერხდება ადვოკატებისგან დეკანოზის სათანადო დაცვა. სამ დღეში გვეცოდინება პასუხი, რას გვეტყვის პროკურატურა და არ არის გამორიცხული, საქმე სტრასბურგში წავიდეს“, – განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის “იურისტმა, ეკა ლომიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები