სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ზ.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით.
მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 08:30 საათზე, ქ. თბილისში, ზ.გ.-მ თავის ყოფილ მეუღლეს მისსავე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, და თავის არეში მინის ჭიქის ჩარტყმით მიაყენა დაზიანება. ზ.გ.-ს ქმედებით დაზარალებულმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა.
სამართალდამცველებმა ზ.გ. 2016 წლის 21 დეკემბერს თბილისში დააკავეს, სისხლის სამართლის კოდექსის 126¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) წარედგინა.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 20 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ზ.გ. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება) ჩადენილი დანაშაულისთვის გაასამართლა და დაუნიშნა სასჯელი – ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.გ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აღნიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დანიშნული სასჯელი და ზ.გ.-ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 თვის ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები