მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ლოს-ანჯელესში პროგრამის – „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაცია გრძელდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით, კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტის – „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაციას აქტიურად განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 2017 წლის 6 – 9 აპრილს, ქართული დელაგაციის წევრები უკვე მეორედ მიიღებენ მონაწილეობას AFCI Locations Show-ში, სადაც წარდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყნების კინოინდუსტრიის ხელშეწყობის მექანიზმები და შესაძლებლობები. მნიშვნელოვანია, რომ როგორც გასულ წელს, ამჟამადაც სააგენტოს წევრები ლოს-ანჯელესის კინოინდუსტრიის წამყვან წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, პროგრამის – „გადაიღე საქართველოში“ დეტალებს გააცნობენ, ასევე, ხაზი გაესმება საქართელოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ გადასაღებ ლოკაციას.
AFCI locations show-ზე ქართული სტენდის ქვეშ გაიმართება მნიშვნელოვანი შეხვედრები მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან სპეციალურად აღნიშნული შოუსთვის ჩამოსული ლოკაციების მენეჯერებთან, რაც უახლოეს მომავალში, საქართველოთი უცხოური კინოპროდიუსერების დაინტერესებას განაპირობებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ 2017 წელს, აღნიშნულ ღონისძიებაში ორი ქართული საპროდიუსერო კომპანია Betterfly და POLare FILM მიიღებენ მონაიწილეობას. 2016 წლის დასაწყისში, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ დაემატა, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ პროგრამის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის კუთხით, ხორციელდება რიგი ღონისძიებები, მათ შორის ე.წ. Road Show-ები, რისი მეშვეობითაც ხდება საერთაშორისო პროდიუსერებისათვის ინფორმაციის ამომწურავად გაცნობა, მხარეებისათვის გადასაღები ლოკაციების შეთავაზება და კინოწარმოებასთან დაკავშირებით, ქვეყნის პოტენციალის სრულად წარმოჩენა.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის აპრილის თვის მონაცემებით, პროგრამის – „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, რომელიც ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას, ჯამში, განხორციელდა 5 პროექტი. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად, საქართველოში ჯამში,  7 305 065 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო ადგილობრივად 650 ადამიანი დასაქმდა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებაზე საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები