როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ თავი დემპინგისგან – ევროკავშირისა და მსო-ს რეკომენდაციები

რა საფრთხეს უქმნის ქართულ ბაზარს დემპინგი და როგორ უნდა დაიცვას მთავრობამ ადგილობრივი წარმოება, ამ თემაზე ისაუბრეს ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „პანორამასთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუებში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და ევროკომისიის წარმომადგენლებმა.
საერთოდ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მე-6 თავში ნათქვამია, რომ საქართველომ საკუთარი პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტირებისას გარკვეული ქვოტები და მინიმალური ფასების პოლიტიკა უნდა დაიცვას  და ამის მიზანი იაფფასიანი მტაცებლური იმპორტისგან ევროკავშირის ბაზრის დაცვაა. კითხვაზე, თუ როგორ მუშაობს ყველაფერი ეს ევროკავშირში, საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილე კარლო ნატალემ უპასუხა:

– რაც შეეხება ქვოტებს საქართველოსთან, ეს მხოლოდ ერთადერთ პროდუქციას – ნიორს ეხება, რომლის უბაჟოდ შეტანაც შესაძლებელია წელიწადში მხოლოდ 200 ტონის რაოდენობით. ამ რაოდენობის გადაჭარბების შემდეგ კი, დანარჩენ პროდუქციას სპეციალური საიმპორტო ფასი დაუწესდება. მინიმალური ფასები მიზნად ისახავს ევროკავშირის შიდა ბაზრის დაცვას მესამე ქვეყნებიდან შემოსული იაფფასიანი იმპორტირებული პროდუქციისგან. საქართველოსთან მიმართებაში ეს შეეხება 38 ტიპის პროდუქციას და შემდეგნაირად ფუნქციონირებს – ხსენებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე უბაჟოდ შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შევიდეს, თუ მისი ფასი სპეციალურად დაწესებულ ზღვარზე უფრო დაბალი არაა. თუ ფასი დაბალია, მაშინ იმპორტიორმა პროდუქციის ყოველ ათას კილოგრამზე სპეციალური გადასახადი უნდა გადაიხადოს. საერთოდ, მინიმალური ფასების სისტემაში მოქცეული ქართული პროდუქცია მთლიანი ქართული ექსპორტის მხოლოდ 0,3 პროცენტს შეადგენს.

– როგორ მუშაობს ანტიდემპინგური კანონი ევრკავშირში და მწარმოებლების მხრიდან ე.წ. „ფასებით მანიპულირებას“ თავს როგორ არიდებთ?

– დემპინგი მაშინ ხდება, როცა ექსპორტირებული პროდუქცია უცხო ბაზარზე მის რეალურ ფასზე იაფად იყიდება. როცა შეხება მსგავს შემთხვევასთან გვაქვს, როგორც წესი, კომპანიები, კომპანიათა ჯგუფი ან თვითონ წევრი ქვეყნები ევროკომისიის ხელმძღვანელობას, კერძოდ, ვაჭრობის საკითხებში ევროკომისიის დირექტორატს , ასე ვთქვათ, საჩივრით მიმართავენ. ამას მოჰყვება გამოძიება, იკვლევენ პროდუქციის რეალურ ფასს, ხდება კომერციული პრაქტიკის ანალიზი. თუ გამოძიება ასკვნის, რომ საქმე გვაქვს დემპინგთან, ევროკომისია წინადადებით გამოვა, ამ პროდუქციაზე  კონკრეტული საიმპორტო გადასახადი დაწესდეს, რომელიც დაეკისრება კონკრეტულ კომპანიებს, ან ქვეყნებს და თუ მათ სურთ, ევროკავშირში საკუთარი საქონლის შეტანა გააგრძელონ, ამ გადასახადის გადახდა მოუწევთ. ასევე, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას გაწერილი აქვს რიგი პრინციპები და მითითებები თავდაცვითი სავაჭრო მექანიზმების შესახებ, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს წევრი ქვეყნების ეროვნულ სამართალშიც. ეს მოიცავს ანტიდემპინგურ კანონებსაც და ამასთან დაკაშირებით მსო ხაზგასმით ამბობს, რომ ეს უნდა იყოს არა პროტექციონისტული მექანიზმი, არამედ, მექანიზმი, რომელიც დაუპირისპირდება არასამართლიან სავაჭრო პრაქტიკას.

– ურჩია თუ არა ევროკავშირმა საქართველოს, მიეღო ანტიდემპონგური კანონი და არსებობს თუ არა რაიმე ვადა, რის განმავლობაშიც ქვეყანამ ასეთი კანონი უნდა მიიღოს?

– ვადა არაა დაწესებული, მაგრამ საქართველომ ეს კანონი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების მიხედვით უნდა მიიღოს. ასე რომ, 2015 წელს, როცა საქართველომ ანტიდემპინგურ კანონზე მუშაობა დაიწყო, გვთხოვეს და ჩვენც წარვუდგინეთ ჩვენი კომენტარები კანონპროექტის სამუშაო ვერსიაზე, მაგრამ პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.

– და როგორი იყო თქვენი კომენტარები?

– შემიძლია, დაგიდასტროთ, რომ მზად ვართ, ექსპერტული მოსაზრებებით დავეხმაროთ საქართველოს, რათა მიღებული კანონი სრულებით შეესაბამებოდეს მსო-ს მიერ გაწერილ პრინციპებსა და მითითებებს. ეს კანონი შეიძლება, დასჭირდეს საქართველოს, რადგან ის საკუთარ საწარმოო ინდუსტრიას ანვითარებს.

– რა გავლენას მოახდენს ვიზალიბერალიზაცია ბიზნესზე საქართველოში?

– მინდა გითხრათ, რომ აქ, ამ ოფისში და ბრიუსელშიც ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ამის მისაღწევად ძალიან ბევრი ვიმუშავეთ  და გვიხარია, რომ დასახულ მიზანს მივაღწიეთ. მჯერა, ამ მიღწევას ძალიან დადებითი გავლენა ექნება მოქალაქეების გადაადგილებაზე, განსაკუთრებით, ბიზნესის კუთხით – ეს გაამარტივებს ბიზნესვიზიტებსა და მოლაპარაკებებს ქართველ და ევროპელ პარტნიორებს შორის, რაც ძალიან, ძალიან კარგია.

ცნობილია, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ნებას რთავას წევრ ქვეყნებს, გაატარონ ანტიდემპინგური ღონისძიებები, ანუ შემოიღონ სატარიფო გადასახადები, ბეგარა და ასე შემდეგ. კითხვაზე, თუ რას ნშნავს დემპინგი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქით როქველიმ უპასუხა:

– ზოგადად რომ ვთქვათ, ეს ხდება მაშინ, როცა იმპორტირებული საქონელი ბაზარზე იმაზე უფრო დაბალ ფასად შედის, ვიდრე მისი, ასე ვთქვათ, ნორმალური ღირებულებაა, ანუ მწარმოებელი საქონელს იმაზე იაფად ყიდის, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში გაყიდდა. ამით შეიძლება, ფულსაც კარგავს და მოგებას არ იღებ, მაგრამ მაინც ყიდის დაბალ ფასად, რათა ბაზარი დაიკაოს. სწორედ ესაა დემპინგი. შესაბამისად, მსო უფლებას აძლევს წევრი ქვეყნების მთავრობებს, ამგვარ პრაქტიკას დაუპირისპირდნენ, მაგრამ ამისთვის გარკვეული წესების დაცვაა საჭირო და ეს წესები სამაოდ მკაფიოდაა ჩამოყალიბებული. პირველ რიგში, უნდა დამტკიცდეს, რომ პროდუქცია ნორმალურ ფასზე იაფად იყიდება. შემდეგ, იმის დამტკიცებაა საჭირო, რომ მსგავსი პრიდუქციის იმპორტირებით ადგილობრივი ბაზარი და ინდუსტრია ზარალდება, ანუ თუ დამტკიცდა, რომ სახეზე გვაქვს დემპინგი და ამით ადგილობრივი ბაზარი ზარალდება, ამის შემდეგ მთავრობას შეუძლია, სათანადო ზომები მიიღოს. ეს საკმაოდ რთული რამაა – აუცილებელია, პროცესი გამჭვირვალე იყოს. ასევე, წარმოდგენილი იყოს მტკიცებულებები… იმ შემთხვევაში კი, თუ დემპინგი შეწყდა ან აღიკვეთა, ისეთი დამატებითი ღონისძიებები, როგორიცაა ბეგარა და სატარიფო გადასახადი, ასევე, უნდა შეწყდეს.

– მოსახლეობის ნაწილს ხშირად უჩნდება შეკითხვა, თუ ვინმე ხარისხიან პროდუქციას იაფად ყიდის, როგორ შეიძლება, ეს ცუდი იყოსო. კარგი იქნება, თუ ხალხს დაწვრილებით აუხსნით, დემპინგი ცუდი რატომაა?

– ძალიან კარგი კითხვაა. როცა მთავრობები საკუთარ სავაჭრო პოლიტიკაზე მუშაობენ, მომხმარებლებისა და მწარმოებლების ინტერსებს შორის ძალიან დელიკატური ბალანსი უნდა დაიცვან. ცხადია, მომხმარებელს უნდა, პროდუქცია რაც შეიძლება, იაფი იყოს, მაგრამ მეორეს მხრივ, თუ მწარმოებლებს უწევთ არათანაბარი და უსამართლო კონკურენციის პირობებში მუშაობა, ასეთი პრაქტიკა ნებადართული არ უნდა იყოს. ასე რომ, მთავრობებმა ყველაფერი ეს კარგად უნდა გათვალონ.

– აქ ჩნდება ე.წ მტაცებლური ფასების ასპექტიც…

– კი, ზუსტად ასე უწოდებენ მწარმოებლები და ამას ადგილი მაშინ აქვს, როცა სპეციფიკური ინდუსტრია საკუთარ პროდუქციას ნორმალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად ყიდის და ამით კონკურენტ მწარმოებლებს ადგილობრივ გასაღების ბაზრიდან განდევნის.

– ეს დანაშაულია, არა?

– თუ პროდუქციას ნორმალურ ფასზე იაფად ყიდით, მაშინ უნდა დავუშვათ, რომ ამას შესაძლოა, რეაგირება მოჰყვეს, მაგალითად, მთავრობამ ბეგარა დაგიწესოთ – მსო ამას უშვებს, თუ ეს, რა თქმა უნდა, წესების დაცვით ხდება.

– კიდევ ერთი ასპექტი: ხშირად დემპინგში დადანაშაულებული იმპორტიორი კომპანიები აცხადებენ, რომ მთავრობის მხრიდან ასეთი პოლიტიკა ინვესტორებს გააქცევს. ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა და რომელსაც სურს, რაც შეიძლება, მეტი ინვესტორი მოიზიდოს, არის თუ არა ეს ერთგვარი ირიბი ბულინგი?

– ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ხდება რეალურად.  ჩვენი წესები ადგილობრივ მთავრობას აძლევს უფლებას, მხიედოს ამგვარ არასწორ პრაქტიკას და თუ ჩვენს ჟარგონს გამოვიყენებთ, უწამლოს.

– საქართველოს, როგორც მსო-ს წევრ ქვეყანას, ევალება, ჰქონდეს ანტიდემპინგური კანონინი და მთავრობა ამაზე მუშაობს, მაგრამ რა უნდა ქნან იმ კომპანიებმა, რომლებმაც ამასობაში მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი განიცადეს დემპინგის გამო, ანუ მათ აქვთ თუ არა უფლება, მიმართონ სასამართლოს და კომპენსაცია მოითხოვონ?

– წესდების მიხედვით, ჩვენი ორგანიზაცია მსგავს საკითხებში არ ერევა – ეს წევრმა ქვეყნებმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტონ. თუ ქვეყანა ანტიდემპინგურ ღონისძიებებს გაატარებს, ეს სხვა ქვეყნის მხრიდან შეიძლება, დისპუტის საფუძველი გახდეს და აქ უკვე ჩვენ ჩავერევით, მაგრამ თქვენს მიერ გაწერილი სცენარის შემთხვევაში, ეს ადგილობრივი მთავრობის გადასაწყვეტია, ანუ ამ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, ამ საკითხს როგორ მოუაროს და საქართველო ნამდვილად არ იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც სპეციფიკურ პოლიტიკას შეიმუშავებს, რათა რეაგირება მოახდინოს იმ ინდუსტრიებზე, რომლებიც დაზარალდნენ. რეაქცია შეიძლება, მრავალგვარი იყოს. მაგალითად, შეიძლება, შემოიღონ სასაზღვრო ბეგარა კონკრეტული ტიპის პროდუქციაზე და ასე შემდეგ, წესები ამის ნებას იძლევა. ეს არაა იოლი საქმე. საკმაოდ ხშირად, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, მსგავსი სამართლებრივი ნორმების შემუშავება და განხორციელება პრობლემურია. თუ თქვენი ნათქვამი სწორად გავიგე, თბილისში ახლა მუშაობენ კანონების მისაღებად, რომლებიც მათ საშუალებას მისცემენ, მოახდინონ რეაგირება შემთხვევებზე, სადაც ქართველების აზრით, უსამართლო სავაჭრო პრაქტიკას აქვს ადგილი.

– დიახ, სწორედ ასეა, მაგრამ სანამ მთავრობა მსგავს კანონებს შეიმუშავებს, რა უნდა ქნანა დაზარალებულმა კომპანიებმა – უნდა მიმართონ თუ არა სასამართლოს?

–  გულწრფელად გეტყვით: ეს უშუალოდ საქართველოს სასამართლო სისტემაზეა დამოკიდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები