პარლამენტის ბიურომ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ დეპუტატების გამოსვლის ფორმატი განსაზღვრა
პარლამენტის ბიუროს სხდომამ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ დეპუტატების გამოსვლის ფორმატი განსაზღვრა. პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ გათვალისწინებული გამოსვლების გრაფიკი ბიუროს წევრებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა გააცნო.
„პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში (ასეთი ორია) რეგლამენტით გათვალისწინებულია 5-5 წუთი; შემდეგ უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ არსებული ფრაქციებისთვის გათვალისწინებულია 15-15 წუთი; უმცირესობაში შემავალი ფრაქციებისთვის ისევე, როგორც უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისთვის, გათვალისწინებულია – 10-10 წუთი. ამის შემდგომ, უმცირესობას და უმრავლესობას, ორივეს ცალ-ცალკე, ექნება 45-45 წუთი.
ბოლოს, გათვალისწინებულია სპიკერატის გამოსვლები 10-წუთიანი რეჟიმით და პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა 15-წუთიანი რეჟიმით“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. საპარლამენტო უმცირესობამ ბიუროს შესთავაზა უმცირესობისა და უმრავლესობის წევრი დეპუტატების გამოსვლა მონაცვლეობით, რათა დისკუსია უფრო ცოცხალი იყოს და დებატების ფორმატში წარიმართოს, თუმცა მმართველმა გუნდმა ეს წინადადება არ გაითვალისწინა.
„მე მგონი, ისედაც მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული ოპოზიციის თხოვნები და მოთხოვნები დებატების გამართვასთან დაკავშირებით და ეს ფორმატი აბსოლუტურად იძლევა შესაძლებლობას, ყველამ თავისუფლად გამოხატოს აზრი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.