დემურ სტურუას საქმეში კიდევ ერთი წერილი დევს – დავრწმუნდი, რომ გოდერძი თევზაძე არაფერ შუაშია

“დემურ სტურუას საქმეში კიდევ ერთი წერილი დევს, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე სტურუების სახლის ჭიშკართან დატოვეს”,-ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს.
​გამოცემის ინფორმაციით, წერილის ავტორი ტაქსის მძღოლი- ვინმე გივი მენაბდეა, რომელიც სტურუას ბათუმის გადასასვლელთან შეხვედრას სთხოვდა. სტატიის თანახმად, გივი მენაბდის ავტომობილით დემურ სტურუას სხვადასხვა სახის ნივთები არაერთხელ გადაუტანია, მათ შორის ისეთი, რომელიც შემდგომში იმავე ავტომობილით ჯართში ჩააბარეს. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ჯართში ჩაბარებული ნივთები, მათ შორის არყის გამოსახდელი ქვაბი, მოპარული იყო. როგორც „პრაიმტაიმი“ წერს, შვიდ აგვისტოს, ანუ დემურ სტურუას გარდაცვალების დღეს მოვლენები ასე განვითარდა: 16:45 საათზე სტურუა პოლიციის განყოფილებაში ნამდვილად შეხვდა გოდერძი თევზაძეს. ამის შემდეგ ის დაბრუნდა სახლში, სადაც ჭიშკართან გივი მენაბდის წერილი დახვდა, რომელიც სასწრაფოდ შეხვედრას სთხოვდა. დემურ სტურუამ იქვე წერილზე მიაწერა: „სახლში არ ვარ. თუ ჩემთან საქმე გაქვთ, ტელეფონი დამირეკეთ აქეთ“. ამის შემდეგ სტურუა სახლიდან გადის, სულ ცოტა ხანში კი მას საკუთარ ეზოში ჩამომხრჩვალს პოულობენ. რატომ სთხოვდნენ პოლიციიდან გამოსულ დემურ სტურუას სასწრაფო შეხვედრას და რატომ იკავებდა თავს აწ გარდაცვლილი? შედგა თუ არა ეს შეხვედრა? რა მოხდა გივი მენაბდის წერილის ნახვიდან დემურ სტურუას გარდაცვალებამდე პერიოდში?
თავად დემურ სტურუას დედა არ გამორიცხავს, რომ გოდერძი თევზაძესთან შეხვედრიდან გამოსული მისი შვილი გარკვეულმა პირებმა შეამჩნიეს და იფიქრეს, რომ ის იქ მათ დასასმენად იმყოფებოდა. ნონა ჯოჯუა ვარაუდობს, რომ ჭიშკარში დატოვებული წერილიც სწორედ ამას უკავშირდებოდა.
„დიახ, საქმეში დევს ორი წერილი. ერთი, რომელიც გარდაცვალებამდე დემურის მიერ არის დაწერილი და სადაც პოლიციის თანამშრომელს, გოდერძი თევზაძეს ადებდა ხელს, ხოლო მეორე წერილი გივი მენაბდემ მოიტანა და დატოვა ჭიშკარში. ჩემი მაზლის ცოლი მიპირისპირდება, რომ ამ მეორე წერილზე ხმა არ ამოვიღო და არ ვთქვა სიმართლე. ბოლო სასამართლო სხდომაზე ფიზიკურადაც დაგვიპირისპირდნენ და საფლავზე მისვლასაც კი მიკრძალავენ. პირდაპირ სიკვდილით მემუქრება, თუ გოდერძი თევზაძეს არ დავადებ ხელს. მე მინდა, ნამდვილი დამნაშავე დაისაჯოს და არა უდანაშაულო ადამიანი. ამდენი ხანი გაჩერებული ვიყავი და რახან ხმა ამოვიღე, დაიწყეს ჩემზე შეტევები. ჩემი მული ჩემს შვილს სასამართლოს ეზოში ფიზიკურად დაუპირისპირდა. მთელი რიგი გარემოებების გამო, დავრწმუნდი, რომ გოდერძი თევზაძე არაფერ შუაშია და ტყუილად ჰყავთ დაჭერილი. ჩემი შვილის ნამდვილი მკვლელები კი ქუჩაში დადიან. დემურმა რაღაც მოპარული ნივთები ჩააბარა საჯართეზე. ამის გამო მას ჰქონდა პრობლემები რამდენიმე ბიჭთან. გარდა ამისა, მიცვალებულისთვის ტელეფონის მოპარვას აბრალებდნენ. წინა დღეს ჩემი შვილი სცემეს. დემური ეუბნებოდათ, – გამანებეთ თავი, ჩემს სახლში არ გნახოთ მოსულებიო. გივი მენაბდემ ეს წერილი მოიტანა სწორედ იმის გამო, რომ ჩემი შვილი გაეფრთხილებინა. ეჭვი მაქვს საჯავახოს ბიჭებზე. მჯერა, რომ ჩემს შვილს წერილი დააწერინეს და ხეზე ჩამოკიდეს. საჯავახოს ბიჭებზე მაქვს ეჭვები, რომლებიც იმავე წუთში გაჩნდნენ შემთხვევის ადგილზე. მაგალითად, განსაკუთრებით აქტიურობს ოლეგი თავაძე, რომელიც ყველგან ავრცელებს ხმებს, რომ ჩემს შვილს თავი პოლიციელმა მოაკვლევინა, როცა პირიქით, ეს პოლიციელი, გოდერძი თევზაძე ყველანაირად გვეხმარებოდა და მე თვითონ მაქვს ნათქვამი მისთვის, რომ დემურის ყურადღება მიაქციე-მეთქი. დარეჯან ჯაში ორჯერ არის ნასამართლევი, მათ შორის მკვლელობაზე და რახან „ნასროკალია“, პოლიციელებს საერთოდ ვერ იტანს. ამიტომაც დარწმუნებულია, რომ დემურის სიკვდილი პოლიციელს უკავშირდება. იმის იქით გახედვა არ სურს. ჩემმა შვილმა გოდერძის თვითონ დაურეკა და უთხრა, – გოდერძი ბიძია, პრობლემა მაქვს და დამეხმარეო. მართლაც შეხვდა გოდერძის. ეს გაიგეს ამ საჯავახოს ბიჭებმა, რომლებმაც იფიქრეს, რომ ჩაგვიშვა და ჩვენს დაჭერას აპირებენო. ამიტომაც დემურს ჯერ ძალით დააწერინეს წერილი, თითქოს გოდერძი თევზაძის გამო იკლავდა თავს და მერე ხეზე ჩამოკიდეს. მანამდე გივი მენაბდე ცდილობდა დემურის გაფრთხილებას და შეხვედრას სთხოვდა, მაგრამ დემური არც მას ენდო და მის მიერ დატოვებულ წერილზე მიუწერია თავისი ნომერი, – თუ საქმე გაქვთ, აქეთ დამირეკეთო და იქვე ჭიშკარში დაუტოვებია წერილი. მისი წერილი მოგვიანებით ვიპოვეთ ეზოში, წვიმისგან გაფუჭებული იყო, მაგრამ წაკითხვა მაინც შესაძლებელია. წავედი და ჩავაბარე გამოძიებას. აქამდე ამაზე არ ვსაუბრობდი, მაგრამ ვხედავ, რომ უდანაშაულო ადამიანს აწმენდენ ხელს, ამიტომ აღარ ვაპირებ გაჩუმებას“,-განუცხადა „პრაიმტაიმს“ გარდაცვლილის დედამ.
„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რატომ სთხოვდა გივი მენაბდე დემურ სტურუას სასწრაფო შეხვედრას გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე. ამის გარკვევას გამოცემა გივი მენაბდესთან შეეცადა, თუმცა მან „პრაიმტაიმთან“ კომენტარის გაკეთება არ ისურვა და განმარტა, რომ „რაც სათქმელი ჰქონდა, ყველაფერი სასამართლოს უკვე უამბო“. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გივი მენაბდე ჩვენებაში ამბობს, რომ საგაზაფხულო სამუშაოებში დახმარება სჭირდებოდა და სწორედ ამიტომ სთხოვდა დემურ სტურუას შეხვედრას, თუმცა მოწმემ ვერ ახსნა, რა „საგაზაფხულო სამუშაოებს“ აწარმოებდა აგვისტოს თვეში, მაშინ როცა დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა რეკორდულ მაჩვენებელსაც კი აღწევდა. როგორც ჩანს, დემურ სტურუას ბურუსით მოცული გარდაცვალება კიდევ უფრო საეჭვო ფაზაში შედის. არ არის გამორიცხული, საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, კიდევ არაერთი საეჭვო გარემოება გამოაშკარავდეს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ თავის მკითხველს აუცილებლად გააცნობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები