შალვა ხუციშვილი: ბათუმის მოვლენებზე კიდევ მივცემთ რამდენიმე პირს პასუხისგებაში

“ბათუმის მოვლენებზე კიდევ მივცემთ რამდენიმე პირს პასუხისგებაში”, – ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აცხადებს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
„სავარაუდოდ, ბათუმის მოვლენებზე კიდევ მივცემთ რამდენიმე პირს პასუხისგებაში. დეტალებზე ჯერ ვერ ვილაპარაკებ“, -აცხადებს შალვა ხუციშვილი.
​ინტერვიუში ჟურნალისტი ინტერესდება, როგორია პოლიციელების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა. როგორც შალვა ხუციშვილი აცხადებს, არის რამდენიმე ერთეული შემთხვევა და ყველა საკითხზე დაწყებულია გამოძიება.
„ეს არ არის სისტემური პრობლემა. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევებს, არის რამდენიმე ერთეული და ყველა საკითხზე დაწყებულია გამოძიება. გვაქვს მაგალითი, როდესაც ადვოკატის ცემის საქმეზე პოლიციის მაღალი თანამდებობის პირი მიეცა პასუხისგებაში. ბორჯომშიც გამოვლინდნენ დამნაშავე პოლიციელები. იმატა იმ ადამიანების ბრალდებებმა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან დანაშაულთან. მათ პოლიციაში იბარებენ დაკითხვის მიზნით, ისინი ბრალს სდებენ პოლიციას, თითქოს დაკითხვისას აწამეს. ამით სურთ პასუხისმგებლობას თავი აარიდონ“, – აცხადებს შალვა ხუციშვილი.
მისი თქმით, ათასობით ადამიანი შედის და გამოდის ყოველდღე პოლიციის განყოფილებაში, ეს რომ იყოს სისტემური პრობლემა, დამნაშავე პოლიციელთა რიცხვი გაცილებით მაღალი იქნებოდა.
​„როცა პოლიციელი ცუდად იქცევა, მას ხელს არ ვაფარებთ, მაგრამ მთელი პოლიციისთვის ჩირქის მოცხება არ შეიძლება. ჩვენი პოზიცია გამოჩნდა ბათუმის მოვლენებშიც, როდესაც ყველამ მოისმინა პოლიციის მიმართ ბრძანება, არავინ ეცემათ და არავისთვის დაერტყათ“, -აცხადებს შალვა ხუციშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები