“სახელმწიფოს კვლავ აქვს პასუხისმგებლობა პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებები გამოიძიოს”

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმის 26 წლისთავს ულოცავს.
“დღეს საქართველოს უახლოესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს – დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმის დღეს აღვნიშნავთ. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ ამ დღეს. გილოცავთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესაც, რომელსაც ასევე, დღეს აღვნიშნავთ. მისი როლი განსაკუთრებულია დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლაში. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენს სახელმწიფოს კვლავ აქვს პასუხისმგებლობა, გამოიძიოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებები”, -ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.
გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმმა, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა, საერთაშორისო საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გახადა საქართველოს მოსახლეობის, მათ შორის, აფხაზთა და ოსთა ურყევი ნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესახებ.
“ჩვენ მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადეთ, რომ მიზნად ვისახავთ, გავხდეთ თანამედროვე ევროპული სახელმწიფო, განვითარებული სამყაროს თავისუფალი და ღირსეული წევრი, მსოფლიო ერთა თანამეგობრობაში დავიმკვიდროთ ის ადგილი, რომელიც უძველესი და უნიკალური კულტურის ერს სამართლიანად გვეკუთვნის”, – წერია მარგველაშვილის მილოცვაში.
ცნობისათვის, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე  საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესახებ რეფერენდუმი ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები