აგროდაზღვევის პროგრამა ამოქმედდა – ვის და რა პირობებით შეეძლება პროგრამით სარგებლობა

მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის სხდომაზე აგროდაზღვევის პროექტი დაამტკიცა. აგროდაზღვევის პროგრამაში მიმდინარე წლიდან თანამონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან ყველა კულტურაზე 70% იქნება, ხოლო ვაზზე 50%.
​აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე, ნებისმიერ ბენეფიციარს, რომელიც ფლობს მაგალითად 30 ჰექტარს ან 100 ჰექტარს შეუძლიათ, 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას, მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება.
​გასული წლისგან განსხვავებით, წელს შემცირდა მოცდის პერიოდი და სადაზღვევო პოლისის გაცემის თარიღიდან 4-დღის ვადით განისაზღვრა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვა შეეძლება საქართველოს ტერიტორიაზე ლიცენზირებულ ყველა სადაზღვევო კომპანიას. აგროდაზღვევის ახალი პროგრამისთვის, ბიუჯეტიდან წელს 7 მილიონი ლარი გამოიყოფა.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და უკვე 3 წელია მიმდინარეობს. პროექტის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების (სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა) შემცირებაა.
2014- 2016 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, გაცემულია 47,485 პოლისი, დაზღვეული ფართობი შეადგენს 39,138 ჰა, ჯამში, დაზღვეულ იქნა 326,842,630 ლარის მოსავალი. ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ 22,051,912 ლარის სუბსიდირება მოახდინა. 2 წლის განმავლობაში ანაზღაურებულმა ზარალმა 19 მლნ. ლარამდე შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები