დემპინგი – სად გადის ზღვარი კრიმინალსა და მტაცებლურ ფასებს შორის

არის თუ არა დემპინგი კრიმინალი და მოქმედებს თუ არა ზოგიერთი უცხოური კომპანია საქართველოში მტაცებლური ფასებით? – ამ თემაზე ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „პრიორიტეტის“ სტუმრებმა იმსჯელეს.
როგორც „ქართველ მეწარმეთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ლევან სილაგავამ განაცხადა, ქვეყანას ანტიდემპინგური კანონმდებლობა უნდა ჰქონდეს.
„ხშირად გვეუბნებიან, რომ თავისუფალი ბაზარი გვაქვს, მაგრამ თავისუფალ ბაზარში მორღვეული საზღვრები არ იგულისხმება, ანუ ყველა სახელმწიფო, რომელიც თავს პატივს სცემს, საკუთარი წარმოების წახალისებასა და ადამიანების დასაქმებას ცდილობს,“ – აღნიშნა სილაგავამ.
საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა, დავით ჯანდიერმა კი განმარტა, რომ დემპინგი ხელოვნურად დაწეული ფასია, რათა უცხოურმა კომპანიამ ბაზარზე თავისი ადგილი დაიმკვიდროს ან ბაზრიდან კონკურენტი გააძევოს.
„დემპინგის მოწინააღმდეგეებისთვის ყველაფერი ეს არაკეთლსინდისიერ კონკურენციად ითვლება და აქედან გამომდინარე, სახელმწიფოები დემპინგის წინააღმდეგ სხვადასხვა ღონისძიებას მიმართავენ. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია დემპინგს არ ეწინააღმდეგება, თუმცა არსებობს შესაბამისი ჯარიმების დაკისრების მექანიზმი, რათა სახელმწიფო დემპინგურ ფასებს ებრძოლოს,“ – განმარტა ჯანდიერმა და დასძინა, რომ დემპინგი ყველაზე რთულად ეროვნულ პროდუქციაზე აისახება, რადგან საქონელი თვითღირებულებაზე უფრო იაფად შემოდის, რაც ხელს ეროვნულ წარმოების გაძლიერებას უშლის და მას ყველზე სუსტ წერტილში ურტყამს.
​ჯანდიერის თქმითვე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ანტიდემპინგური კანონმდებლობის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუკი ადგილი აქვს თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად გაყიდვას, ან იმპორტული საქონელი ნორმალურ ფასზე ნაკლებ ფასად შემოდის.
„ასეთ დროს, სახელმწიფო უფლებამოსილია, რომ შესაბამისი ზომა გამოიყენოს. ამასთან, ე.წ. „ანტიდემპინგური კოდექსი“ ითვალისწინებს, რომ ეროვნული მეწარმეების განცხადების საფუძველზე, ანტიდემპინგური გამოძიება ჩატარდეს და დაადგინოს, შემოტანილი საქონლის ღირებულება ანტიდემპინგურია თუ არა,“ – განაცხადა დავით ჯანდიერმა და იქვე განმარტა, რომ სახელმწიფოების უმეტესობას ანტიდემპინგური კანონმდებლობა აქვს. ამასთან, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა ევროპულ გამოცდილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში მოქმედებს 2009 წელს მიღებული დირექტივა, რომლის თანახმადაც, სავაჭრო დირექტორატი უფლებამოსილია, რომ ანტიდემპინგურ ფასებთან დაკავშირებით, გამოძიება ჩაატაროს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციებიც მისცეს.
​დავით ჯანდიერის თქმითვე, ევროკავშირის ტერიტორიაზე ძალიან ბევრ საქონელზე შეზღუდვები სწორედ ანტიდემპინგური კანონის მიხედვითაა დაწესებული. რაც შეეხება საქართველოს, როგორც დავით ჯანდიერმა განმარტა, ანტიდემპინგური რეგულაციები შესაძლებელია, სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში, მათ შორის, საგადასახადო კოდექსში იყოს მიმობნეული, თუმცა მისივე თქმით, ანტიდემპინგური კანონმდებლობის ერთიანი კონსოლიდირებული დოკუმენტიც უნდა არსებობდეს.
„საქართველოში ასეთი დოკუმენტის შექმნაზე 2015 წელს, მაშინდელი მთავრობის ეკონომიკის მინისტრი საუბრობდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ამ კანონის მიღება ვერ მოხერხდა,“ – დასძინა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა.
ყოფილმა დეპუტატმა, ეკონომისტმა თემურ მაისურაძემ კი გადაცემაში განმარტა, რომ დემპინგური ფასებით შემოსულ ძალიან ძლიერი კომპანიას ადგილობრივი პატარ-პატარა ან მსხვილი კომპანიები, რომელთაც ტექნოლოგიურ დონეზე, წარმოება უჭირთ, გარკვეული დროის განმავლობაში, ეწინააღმდეგებიან და ფასების შენარჩუნებას ცდილობენ, მაგრამ საბოლოოდ, საბაზრო სიტუაციას ძლიერი კომპანია იგებს და ადგილობრივი კომპანიები კვდებიან.
„შემდეგ, როცა კონკურენტებს თავებს წააჭრის, უცხოური კომპანია ფასებს წევს და ნელ-ნელა იქამდე აჰყავს, რა ფასადაც ამა თუ იმ პროდუქციას თავის ქვეყანაში ყიდის. ზოგიერთი ქვეყანა თავის კომპანიებს ხელს უწყობს კიდეც, რომ პროდუქცია ექსპორტზე დემპინგური ფასით გაიტანოს, რადგან სხვა ქვეყნების ბაზრები აითვისოს. იმ კონკრეტულ მომენტში, როცა დემპინგური ფასია, მომხმარებელი მოგებულია, მაგრამ მერე, როცა კონკურენტი აღარ არსებობს, ფასები ძალიან იზრდება და მხოლოდ მომხმარებელი კი არა, რეალურად, ქვეყნის ეკონომიკა აგებს, რადგან კონკურენციას შიგნიდან ვერ უწევს, ანუ გადამხდელები და დამსაქმებლები არ გყვავს და მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ პატარ-პატარა კომპანიებით მსხვილ უცხოურ კომპანიებს რეალიზაციის კუთხით მოვემსახუროთ. შესაბამისად, სამუშაო ადგილებიც იკარგება და წარმოებაც კვდება,“ – აღნიშნა თემურ მაისურაძემ და ნათქვამის საილუსტრაციოდ კვერცხისა და ხორცის წარმოება მოიყვანა.
„ამას წინათ, თურქმა სტუმარმა, რომელმაც გაიგო, რომ საქართველოში იგივე ქათმის ხორცი საზღვარგარეთიდან შემოგვაქვს, გაოცებულმა მკითხა, კი მაგრამ, იმდენი წარმოება არ შეგიძლიათ, რომ ხორცი საზღვარგარეთიდან არ შემოიტანოთო? მოკლედ, თურქისთვის ძნელი გასაგებია, თუ როგორ შეიძლება, რომ საქართველომ თავისთვის საკმარისი ქათმის ხორცი ვერ აწარმოოს“, – განაცხადა მაისურაძემ.
მეფრინველეთა ასოციაციის” წარმომადგენელმა, ზურაბ უჩუმბეგაშვილმა კი აღნიშნა, რომ თურქული კვერცხი ჩვენს ბაზარზე ისე იყიდებოდა, როგორც ქართული, რაც კლასიკური დემპინგი იყო.
„მთავრობაში კომპიუტერები ხომ აქვთ, შევიდნენ ინტერნეტში და ნახონ, რომ იგივე ბელორუსიიდან კვერცხი საკმაოდ საეჭვო ფასად შემოდის. არადა, ბელორუსიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საიტზე უწყების პრესსამსახურის უფროსის განცხადება დევს, რომ არასწორად დაგეგმილი წარმოების გამო, ბელორუსიას კვერცხის ჭარბი წარმოება აქვს და ამიტომ იძულებულია, ყაზახეთსა და საქართველოში კვერცხის ექსპერტი თვითღირებულებაზე დაბალი ფასით მოახდინოს. ამაზე მეტი მტკიცებულება რაღა გვინდა? ხუთი წელია, ამ თემაზე ვლაპარაკობთ, პარლამენტში სამი კომიტეტიც შევკრიბეთ, ვითომ რაღაც გადაწყვეტილებაც მივიღეთ, მაგრამ ეს პოლიტიკური ნება მხოლოდ ფურცელზე დარჩა, რომელსაც მტვერი ედება“, – დასძინა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.
​პოლიტიკურ ნებაზე აქცენტი „მეცხვარეთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ბექა გონაშვილმაც გააკეთა, რომელმაც განაცხადა:
„მეცხვარეობაში დემპინგის პრობლემა გასული სამი წლის განმავლობაში გვქონდა, რაც საბუთების მაქინაციებითა და საბაჟო რეჟიმით იყო გამოწვეული. ეს პრობლემა ზევით მივიტანეთ და პრემიერის, ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილისა და სოფლის მეურნეობის დღევანდელი მინისტრის, ლევან დავითაშვილის ჩარევით, ის ხვრელები, რომელსაც ვიღაცები იყენებდნენ, ანუ კანონს სხვანაირად კითხულობდნენ, აილაგმა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ნება იყო, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. საერთოდ, ყოველთვის და ყველგან ნებაა საჭირო. ამიტომ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ის პრობლემა, რაც მეცხვარეობაში სამი წლის წინ გვქონდა, აღარ გვიდგას და ამაში ხელი იმანაც შეგვიწყო, რომ ბაზრები გაიხსნა“ , – განაცხადა ბექა გონაშვილმა.
​ბექა გონაშვილისვე თქმით, ბოლო დროს მსხვილფეხა პირუტყვის და ასევე, ღორის ხორცის გაძვირება იმან გამოიწვია, რომ ერაყელები ჩვენგან ახალგაზრდა საქონელს ჭარბი რაოდენობით ყიდულობენ.
„მე, როგორც მეწარმეს, რომელსაც საქონელი მყავს, მიხარია, რომ ფასმა მოიმატა, მაგრამ მეორე საკითხია მსყიდეველობითუნარიანობა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, თუ რამდენად შეძლებს ხალხი ყიდვას. ამასობაში, როცა ადგილობრივი ხორცის ფასი გაიზარდა, იმპორტზე შემოსვლა იმ საქონელმა დაიწყო, რომელიც გაცილებით იაფფასიანია, მხედველობაში მაქვს გაყინული ხორცი. ხორცპროდუქტების ნებისმიერ მწარმოებელს საქართველოში წარმოებული ღორის ხორცი 6 ან 7 ლარად რომ შესთავაზოთ, არ აიღებს, რადგან იმპორტულ გაყინულ ხორცს, დაახლოებით, 5 ლარად ყიდულობს და ეს ფასი დღგ-საც შეიცავს. ყველაფერი ეს, ჩემი აზრით, ხელისუფლების ან ვინმეს კი არა, იმ მდგომარეობის ბრალია, რა მდგომარეობაშიც სოფლის მეურნეობა, იგივე მეცხოველეობა იმყოფება. თუ გვინდა, რომ უფრო კონკურენტუნარიანები გავხდეთ და რაღაც უფრო დაბალ ფასად ვაწარმოოთ, ამაში სოფლის მეურნეობისა თუ სხვა დარგობრივი სამინისტროები უნდა ჩაერთონ,“ – განაცხადა ბექა გონაშილმა „პრიორიტეტის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები