გიორგი კვირიკაშვილი: სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ბიზნესკავშირების გაფართოების მნიშვნელოვანი მექანიზმია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდა უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას საქართველოს მოსახლეობისთვის, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთათვის. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზალიბერალიზაცია მოიტანს ხელშესახებ შედეგებს და გაამყარებს ხალხთაშორის კავშირებს.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიასა და პრეზიდენტ იუნკერს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის წარმატებით დასრულებისათვის გაწეული მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე ისაუბრეს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასოცირების შესახებ შეთანხმება უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ჩარჩოა, რომელიც გზას უხსნის ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას და მისი სრული გამოყენება მთავრობის პრიორიტეტია.
“ჩვენ ვაანალიზებთ DCFTA-ს ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს, რათა ქართული პროდუქტები სხვადასხვა ბაზრის შესაბამისი გავხადოთ. ევროკავშირის ნორმებისა და სტანდარტების გათავისებით ჩვენ ვზრდით საქართველოს მიმზიდველობას უცხოური ინვესტიციისათვის. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ბიზნესკავშირების გაფართოების მნიშვნელოვანი მექანიზმია. ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობასა და დიალოგს და ვგეგმავთ მივაღწიოთ ყველა დასახულ მოთხოვნას სხვადასხვა სექტორში. ჩვენ ვაფასებთ რეფორმების პროცესში ევროკავშირის მყარ მხარდაჭერას,” – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები