სად ხდება ყველაზე მეტი ავარია თბილისში -„მკვლელი ქუჩების“ ჩამონათვალი

​ყველაზე ხშირად ავარიები თბილისის სამ მონაკვეთში ხდება. ამის შესახებ სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს და თბილისის ყველაზე „მკვლელ ქუჩებს“ ასახელებს, სადაც ყველაზე მეტი ავარიები ხდება. ​
​როგორც გამოცემას საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა განუცხადა, ავარიების თვალსაზრისით, ყველაზე სარისკო დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაა, რადგან მისი თქმით, ეს ქუჩა ძირითადად, საზოგადოების თავშეყრის ადგილია, რადგან ამ ქუჩაზე რესტორნების ქსელია განთავსებული და მოძრაობა ინტენსიურია. ავტომობილები ავითარებენ მაღალ სიჩქარეს. აქ არ არის რადარი და არც მაკონტროლებელი, ვინ რა სიჩქარით გადაადგილდება. მესხიშვილის თქმით, პარკირებაც არასწორადაა დახაზული და ის უნდა იყოს ტროტუარის პარალელური და არა 45-პროცენტიანი დახრით. ყველა ავტომობილი, რომელიც რესტორნიდან გამოდის, ქმნის ავარიულ სიტუაციას და მესამე, თავშეყრის ასეთ ადგილას ქვეითის არც ერთი გადასასვლელი და შუქნიშანი არაა. ბელიაშვილზე არის ჩქაროსნული მაგისტრალი, სადაც ხალხი იხოცება.
როგორც მესხიშვილი აცხადებს, მეორე ადგილი ვაჟა-ფშაველასა და ტაშკენტის ქუჩის კვეთაა. ზოგადად, ვაჟა-ფშაველას გამზირი ავტოავარიების კუთხით გამოირჩევა, რადგან იქ ბევრი სამოძრაო ზოლია. ავტომობილები ღამის საათებში სიჩქარის განვითარებას ახერხებენ და ავტოავარიების უმეტესობა გზაჯვარედინებზე ხდება.
გიორგი მესხიშვილი ხშირი ავარიების ადგილად საზოგადოებრივი მაუწყებლის წინა ტერიტორიას ასახელებს. მისი თქმით, როდესაც ავტომობილები გვირაბიდან ამოდიან და მაღალი სიჩქარით მოძრაობენ, ხდება ნაკადების შერწყმა და აქ ავარიის ბევრი შემთხვევა ფიქსირდება.
„მივესალმები, რომ ზოოპარკი ამჟამინდელი ადგილიდან გადადის, იმიტომ, რომ საგზაო მოძრაობის ყველაზე რთულ მონაკვეთში მდებარეობს. შესაბამისად, ვიზიტორები ბავშვები არიან და რისკი იმატებს. ასევე, დედაქალაქში მომრავლდა მწვანე შუქნიშანი ქვეითისა და მძღოლისთვის ერთდროულად. ეს იმას ნიშნავს, რომ მწვანე შუქი ქვეითისთვისაც და მძღოლებისთვისაც ერთდროულად ირთვება და ისინი ერთდროულად მოძრაობენ. ყველა ეს ადგილი არის მაღალი რისკის, ავტოსაგზაო შემთხვევების მოხდენის თვალსაზრისით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები