რა ხილვა ჰქონდა ბავშვს, რომელიც თბილისში ავარიას ემსხვერპლა? – ლოცულობდა და ტიროდა

“მინდა გავიზარდო და ბევრი ვიტირო”, – ეს სიტყვები 22 მარტს, აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულ 8 წლის მარიამ ჯიქურაძეს ეკუთვნის, რომელიც პირად ჩანაწერებს დეიდაშვილის ნაჩუქარ დღიურში ხშირად აკეთებდა.
​როგორც გაზეთ „პრაიმტაიმს“ გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა განუცხადეს, პატარა მარიამი, ასაკთან შედარებით, ძალიან გონებაგახსნილი იყო და ბევრი რამ იცოდა. გარდაცვლილის ახლობლები გამოცემასთან საუბრისას, იმ უცნაურობებს უსვამენ ხაზს, რომელიც ტრაგედიის შემდეგ გაიაზრეს. ოჯახის წევრების თქმით, პატარა მარიამს სურვილი ჰქონდა, მალე გაზრდილიყო და მოკლე დროში ბევრი რამ მოესწრო. კითხვაზე, რატომ ჩქარობდა, გოგონა პასუხს არასოდეს იძლეოდა.
„სულ იმის სურვილი ჰქონდა, რომ მალე გაზრდილიყო. ამბობდა, გავიზრდები და ბევრი უნდა ვიტიროო. ხომ შეიძლება ბავშვმა თქვას, გავიზრდები და ბევრი უნდა ვიცინოო? უნდოდა, დროის უმცირეს მონაკვეთში მომხდარიყო ყველაფერი”,-ამბობს მარიამის ბიცოლა ეკატერინე ჭაბუკიანი.
„პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობლებმა მარიამის დღიურიც უჩვენეს, რომელშიც იგი საკუთარ მოგონებებს ინახავდა. ის წერს, რომ წლების შემდეგ, დღიურს გახსნის და ბევრს იტირებს სიხარულისგან.
„როცა გავიზრდები, ვიტირებ და ეს იქნება სიხარულის ტირილი, როცა ნინომ ნანას ქალთა დღეს თავისი საყვარელი შოკოლადი აჩუქა, მაგ დროს რაღაც ვიგრძენი, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. ძილის დროს, იმედია, რაღაცას შენც იგრძნობ, ახლა ვეღარ მოგწერ შენი მარიამი“,- წერდა პირად დღიურში 8 წლის მარიამ ჯიქურიძე დეიდაშვილს.
სტატიიდან ასევე, ირკვევა, რომ 8 წლის მარიამის გარდაცვალების შემდეგ, ოთახის დალაგებისას, კომპიუტერის ქვეშ წერილი აღმოაჩინეს, სადაც მარიამი თავის დაბადების დღეს აღწერს. მას ქოქოსის ტორტი, ყვავილებიანი კაბა და ფერადი ბუშტები უნდა.
„გარდაცვალების დღეს ოთახს ვალაგებდით, როდესაც კომპიუტერის ქვევით წერილი ვიპოვეთ. წერდა, რომ დაბადების დღისთვის ქოქოსის ტორტი უნდოდა, ლურჯი კაბა და შავი ფეხსაცმელები, სად მივდივარ არ ვიციო“,-წერილში ეწერა, სადღაც წასასვლელად ემზადებოდა. გაგვიკვირდა”,-იხსენებს მარიამის ბიცოლა.
წერილების უცნაურ შინაარსს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, მარიამის უცნაური ქცევაც დაემატა. „პრაიმთაიმთან“ საუბრისას, ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბავშვი „ მოახლოებულ უბედურებას გრძნობდა“. მარიამის ბიცოლის თქმით, გოგონას ხილვები ჰქონდა, რომელიც დედას გაუმხილა.
„გარდაცვალებამდე 5 დღით ადრე, დედას უთხრა, მარიამ ღვთისმშობელი მოვიდა, თავზე ხელი დამადო და მითხრა, ბევრი ილოცე და კარგად იქნებიო, ტიროდა. ლოცვის დროს, ტირილის შემთხვევას იხსენებს გარდაცვლილი გოგონას უფროსი ძმაც. იგი ყვება, რომ ერთ დღეს, მარიამი ფანჯარასთან იდგა და ლოცულობდა, ზევით იყურებოდა და ტიროდა. რა სჭირდა, პასუხი არ გასცა, დაჯდა და ბევრი იტირა. „პრაიმტაიმს“ ოჯახის წევრები უყვებიან, რომ დედა მარიამს გვერდიდან არ იშორებდა და ამბობდა, რომ ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები