შსს დაკავებულ მძღოლთან დაკავშირებით, რომელმაც მცირეწლოვანის სიცოცხლე იმსხვერპლა, განცხადებას ავრცელებს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 22 მარტს თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, 1994 წელს დაბადებული თ.ტ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური, სასამართლო-სამედიცინო და ნარკოლოგიური ექსპერტიზების დასკვნების საფუძველზე დადგინდა, რომ BMW-ს მარკის ავტომანქანა, რომელსაც თ.ტ. მართავდა, გადაჭარბებული სიჩქარით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრაობდა, რა დროსაც ის შეეჯახა მის წინ, თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ BMW-ს მარკის ავტომანქანას. შეჯახების შედეგად, აღნიშნული ავტომანქანის მძღოლმა, 1992 წელს დაბადებულმა გ.მ.-მ ვერ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან მარჯვნივ, ტროტუარზე, სადაც 2 ქვეითს – 1972 წელს დაბადებულ ნ.ო.-ს და 2008 წელს დაბადებულ მ.ჯ.-ს დაეჯახა. შეჯახების შედეგად, მცირეწლოვანი მ.ჯ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.ო. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.
საპატრულო პოლიციამ თ.ტ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.
გამოძიება მიმდინარეობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები