მამაკაცს, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლი მოკლა, 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნოვრაზ ალიევის, რომელმაც 2016 წლის 12 ივლისს, ქვემო ფონიჭალაში ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლე მოკლა, 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 23:20 საათზე, ქ.თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, აჭარის ქუჩა N1–ში, ნოვრაზ ალიევმა ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს – კიუნაი ისაევას დანით ჭრილობა მიაყენა ყელის არეში, რის შემდეგაც იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო კიუნაი ისაევა მიღებული დაზიანების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ნოვრაზ ალიევი იმავე ღამეს თბილისი-რუსთავის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11′-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნოვრაზ ალიევი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები