„ფოტოგრაფების საქმეზე“ დაკავებული დავით დევნოზაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული კონტრდაზვერვის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობა მისი წინასწარი პატიმრობის შეცვლის შესახებ არ დააკმაყოფილა . ადვოკატი დევნოზაშვილის ათიათასლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა. ბრალდებულმა კი განაცხადა, რომ ის მიმალვას არ აპირებდა, ხოლო რაც შეეხება საქმეს, მას ფოტოგრაფებზე არანაირი ზეწოლა არ მოუხდენია, რაშიც მას ბრალდების მხარე ადანაშაულებს.
მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლის საფუძველი არ არსებობს და არანაირი ახალი გარემოება არ გამოკვეთილა. მოსამართლემ განაცხადა, რომ არსებობს საფრთხე, მტკიცებულებათა მოპოვებაზე ხელის შეშლასთან დაკავშირებით.
​სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე გაუთვალისწინებელი დარჩა დაცვის მხარის კიდევ ერთი შუამდგომლობა, რომლითაც ადვოკატი კახა წერეთელი ითხოვდა ამ საქმესთან გაერთიანებულიყო ბათუმის საქმეც. დევნოზაშვილს გაზეთ “ბათუმელების” საქმეზეც უფლებამოსილების გადამეტება ბრალდება.
დაცვის მხარის ორივე შუამდგომლობის დაკმაყოფილება ბრალდების მხარეს, საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეუწონლად მიაჩნია.
წინასასამართლო სხდომაზე დღეს დასაშვებად იქნა ცნობილი საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყოს, რადგა​ნ წარდგენილი მტკიცებულებები შესაბამის სტანდარტს აკმაყოფილებს. კონტრდაზვერვის ყოფილ უფროსთან, დავით დევნოზაშვილთან ერთად, საქმეში ბრალდებულია გლდანის ნომერ მერვე დაწესებულების დირექტორი ალექსანდრე მუხაძე. ორივე მათგანი ბრალდებულია უფლებამოსილების გადამეტებაში პირადი ღირსების შელახვის მუხლით.
რაც შეეხება ე.წ. ფოტოგრაფების საქმეს, ამ საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები