ეკა მიშველაძე: ველოდები სასამართლოს სამართლიან გადაწყვეტილებას

​თბილისის საქალაქო სასამართლოში პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. მოსამართლემ სარჩელის განხილვა დღეს უნდა დაასრულოს. მოსარჩელე მხარე, ეკა მიშველაძე “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელობისგან იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, მისი გადაცემა დაიხურა და ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. არ არის გამორიცხული, რომ დღესვე გახდეს ცნობილი, დაკმაყოფილდება თუ არა პრეზიდენტის პრესსპიკერის მოთხოვნა.
სარჩელის მიხედვით, მხარე მიშველაძის სამსახურში დაბრუნებას, კომპენსაციას და დისკრიმინაციის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
„ველოდები, რომ გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი, სამართლიანი კი არის ის, რომ უნდა აღიარონ, რომ მე უკანონოდ ვიყავი გათავისუფლებული “საზოგადოებრივი მაუწყებლიდან”. უკანონოდ დაიხურა გადაცემა და შესაბამისად, დააკმაყოფილონ სარჩელი და ყველა მოთხოვნა,“- განაცხადა ეკა მიშველაძემ.
ეკა მიშველაძის ინტერესებს პროცესზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი – ნონა ქურდოვანიძე იცავს. მისი განცხადებით, “საზოგადოებრივი მაუწყებლიდან” ეკა მიშველაძე უკანონოდ გაათავისუფლეს. ადვოკატის ინფორმაციით, მიშველაძის სამსახურიდან გაშვება დისკრიმინაციული მოტივით იყო განპირობებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები