სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების შუამდგომლობა სინოდის წევრების გამოკითხვასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა

​საქალაქო სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატების შუამდგომლობა სინოდის წევრების გამოკითხვასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. ადვოკატმა ჟურნალისტებთან განმარტა თუ რას ეფუძნებოდა მათი შუამდგომლობა.
„შუამდგომლობის საფუძველი იყო შემდგომი გარემოება, რომ საქმეში მოწმეების, ამ შემთხვევაში ირაკლი მამალაძის ჩვენებაში მრავლად არიან მოხსენებული წმინდა სინოდის წევრები გარკვეულ დაპირისპირებულ ჯგუფებად. აქედან გამომდინარე, გვაინტერესებდა, რამდენად შეეფერება რეალობას ირაკლი მამალაძის ჩვენება და მოვითხოვეთ წმინდა სინოდის წევრების გამოკითხვა. ეს, მოგეხსენებათ, არ არის რიგითი საქმე, ეს საქმე ეხება საპატრიარქოს და წმინდა სინოდის წევრებს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
მისივე თქმით, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა შუამდგომლობაზე უარი დაუსაბუთებლად თქვა, მაშინ როცა პროკურატურის ყველა შუამდგომლობა დაკმაყოფილებულია.
„მოსამართლეს გამოყენებული აქვს საერთაშორისო კონვენციის მუხლები, სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები, რომლებიც ჩვენც გვქონდა გამოყენებული და ამით ვადასტურებდით, რატომ იყო სავალდებულო გამოკითხვა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ეს არის შერჩევითი სამართალი. პროკურატურის ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ხოლო ჩვენი არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის“, – განაცხადა ადვოკატმა.
რამიშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში 24 საათში უნდა გაასაჩივროს. როგორც რამიშვილმა განაცხადა, საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება 12:00 საათზე იყო მიღებული, ხოლო მას ორი საათის დაგვიანებით გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები