გიორგი კვირიკაშვილი: სამეგრელოს გარდა, C ჰეპატიტის მართვის ცენტრები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიხსნება

სამეგრელოს გარდა, C ჰეპატიტის მართვის ცენტრები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან ზუგდიდში  C ჰეპატიტის თანამედროვე ცენტრის გახსნაზე ისაუბრა.
„ეს პროექტი მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ სამეგრელოს რეგიონში არის C ჰეპატიტის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. ეს იქნება უნიკალური ცენტრი იმ თვალსაზრისით, რომ აქ იქნება კომბინირებული სერვისები, როგორც სკრინინგის, ასევე, დიაგნოსტიკის, შემდგომ ექიმის მომსახურების, მედიკამენტების გაცემის და უნდა ითქვას, რომ ეს არის ძალიან წარმატებული პროგრამა, რომელიც აშშ-ის მთავრობის დახმარებით ხორციელდება. ამ ცენტრის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება, ისარგებლონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა, ნეიტრალური პასპორტის მფლობელმა მოქალაქეებმა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის ინფორმაციით, C ჰეპატიტის პროგრამით უკვე 35 000-მა ადამიანმა ისარგებლა, აქედან 25 000-მა დაასრულა მკურნალობა და განკურნების მაჩვენებელი 98%-ს შეადგენს. გიორგი კვირიკაშვილმა პროექტის განხორციელებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მადლობა გადაუხადა.
„ეს არის თითქმის 25 000 გადარჩენილი სიცოცხლე, რომელიც ამ პროგრამის გარეშე იყო განწირული ლეტალური შედეგისათვის. ეს პროგრამა გრძელდება და ასეთი ცენტრები სხვა რეგიონებშიც გაიხსნება“, – დასძინა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები