არჩილ თალაკვაძე: პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონს ისე, რომ უსაფრთხოების სფეროში წამყვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს არც კი შეხვედრია

პრეზიდენტმა ვეტო დაადო ამ კანონს ისე, რომ სამართალდამცავ საგამოძიებო და უსაფრთხოების სფეროში წამყვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს არც კი შეხვედრია, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე ე.წ მოსმენების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს.
როგორც პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განმარტა, ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოსმენების ფუნქცია აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაშია.
„პრეზიდენტი შეხვდა ოპოზიციური პარტიების ნაწილს, პრეზიდენტი შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს და ვეტო დაადო ამ კანონს ისე, რომ არც კი შეხვედრია და კონსულტაციები არ ჰქონია სამართალდამცავ საგამოძიებო და უსაფრთხოების სფეროში წამყვან სტრუქტურებთან და მათ ხელმძღვანელებთან. თუ თქვენ ეს არაფერზე არ მიგანიშნებთ, მაშინ კიდევ ერთ საკითხზე გადავალ.
რაც არ უნდა ორად-ორი თქვას ქალბატონმა ანამ და თქვას, რომ მხოლოდ ორად-ორი შენიშვნა აქვთ ამ კანონზე, ფაქტია, რომ ამ ვეტოთი მოხდა მთლიან კანონზე და ყველა მის შემადგენელზე ვეტოს დადება და ეს იყო მთლიანად ამ კანონის უარყოფა და არა მისი რომელიმე ორად-ორი კომპონენტის. რაც შეეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ყველა განვითარებულ ქვეყანაში, დასავლეთის დემოკრატიებში, ფარული საგამოძიებო მოქმედებები არის და ითვლება აღმასრულებელ ფუნქციად და თუ არ ეთანხმებით მანიშნეთ ხელის აწევით და ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს ფუნქცია არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
დეპუტატისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა ჩაატაროს საქართველომ ამ კუთხით ექსპერიმენტები ეროვნული უსაფრთხოების სისტემაზე.
„ჩემთვის კიდევ ერთხელ გაუგებარია, რატომ უნდა ჩაატაროს საქართველო ექსპერიმენტები საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების სისტემაზე, რატომ უნდა დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება და რატომ უნდა გააკეთოს პრივატიზაცია საკუთარი უსაფრთხოების სისტემის და დიახ, რასაც თქვენ უწევდით აქ პროპაგანდას და არგუმენტირებას, ეს არის პრივატიზაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. მესმის, ეს დემოკრატია სწორედ არის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი, ის, რომ დღეს აქ განსხვავებულ ხმებს ვისმენთ, ის, რომ პრეზიდენტი ახერხებს თავისი პოზიციების, თუნდაც წინააღმდეგობრივი პოზიციების ჩამოყალიბებას პარლამენტში და ქვეყანაში ისმის ხმამაღალი ხმა ოპოზიციის და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების, ეს არის ის დემოკრატია, რომელიც ზუსტად ამ უსაფრთხოების სისტემის თანაარსებობის პირობებში ჩამოყალიბდა. შესაბამისად, თქვენი შიშები, რომ ეს უსაფრთხოების სისტემა ახრჩობს ქვეყანაში დემოკრატიას, ახრჩობს ადამიანის უფლებებს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ „ფლეშბექი“ და ბატონმა გოცირიძემ იცის შესანიშნავად, რას ნიშნავს „ფლეშბექი“, რომელიც ძველი ტრავმების გახსენებას ნიშნავს”, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები