ცნობილ მხატვარს – ოლეგ ტიმჩენკოს საზოგადოება „თბილისელისა“ და ხელოვანების დახმარებით ოპერაცია ჩაუტარდა

ცნობილ მხატვარ ოლეგ ტიმჩენკოს საზოგადოება „თბილისელისა“ და ხელოვანების დახმარებით გულის ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციისთვის საჭირო თანხა საქველმოქმედო აუქციონით შეგროვდა.
ხელოვანებმა თანადგომა რამდენიმე თვის წინ, შემოქმედებით გამოხატეს. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე 150-ზე მეტი მხატვრის ნამუშევრები ხუთი გალერეის და საქველმოქმედო საზოგადოება „თბილისელის“ ორგანიზებით აუქციონზე გამოიფინა. შეგროვილი თანხით ოლეგ ტიმჩენკოს ოპერაცია და შემდგომი სარეაბილიტაციო კურსი დაფინანსდა.
„ეს მოხდა სასწრაფოდ. ჩვენ არ დავფიქრებულვართ, მაშინვე ჩაერთო საზოგადოება „თბილისელი“ ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში. მთავარია, რომ ადამიანი ჯანმრთელია და ემზადება იმისთვის, რომ უფრო მეტი ნამუშევარი შექმნას“, – აცხადებს საქველმოქმედო საზოგადოება „თბილისელის“ თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი.
საზოგადოება “თბილისელისთვის” ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქველმოქმედებაში აქტიურად მონაწილეობს. 2015 წლის ივლისში, საზოგადოება “თბილისელისა” და მოსკოვში მოღვაწე ქართველების ერთობლივი ძალისხმევით, რუსეთის დედაქალაქში საღამო “თბილისის მეგობრები” გაიმართა. საღამოზე ჩატარებულ აუქციონზე თითქმის მილიონი ლარი შეგროვდა, რომელიც 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მოხმარდა. როგორც ცნობილია, აღნიშნული თანხით 15 დაზარალებულ ოჯახს თბილისში საცხოვრებელი ბინა, საჭირო ავეჯითა და ტექნიკით გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები