სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი საწარმო გახსნა. ეს არის 851 024 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციისა და სახელმწიფო პროგრამა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში გახსნილი სუბლიმირებული ხილის საწარმო – „გემუანი“.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საწარმოში, რომელიც წლიურად 22 ტონა სხვადასხვა სახეობის სუბლიმირებული ხილის წარმოებას უზრუნველყოფს, 30 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ისე – საექსპორტო ბაზრებზე. საწარმოს პროდუქციას 150-ზე მეტი მცირე და საშუალო ფერმერი აწვდის.
კომპანია, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში განხორციელებული „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანდაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად, 851 024 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 250 000 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 484 512 აშშ დოლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი.
კომპანია, უახლოეს მომავალში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით, საერთაშორისო სტანდარტის – ISO:22000-ს აღებას გეგმავს. დღემდე, სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით, სამეგრელოს რეგიონში გაიხსნა 20 ახალი საწარმო და გაფართოვდა 36, რომელთა სრული ინვესტიციის მოცულობა 25 მილიონ აშშ დოლარამდეა.