მიხეილ ჯანელიძე: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ანტიტერორისტული საქმიანობის კუთხით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიწვევით, გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს. მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება. ის დღეს მონაწილეობას მიიღებს “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების შეხვედრაში, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იმართება. მინისტერიალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი მასპინძლობს და მასში 68 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს.
„ვაშინგტონში იმართება „ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ გლობალური კოალიციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც მოწვეულია სახელმწიფო მდივნის მიერ. ამ კონფერენციაში ჩვენი მონაწილეობა დასტურია იმისა, რომ საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ანტიტერორისტული საქმიანობის კუთხით. ჩვენი კონტრიბუცია მაღალია, როლი და მნიშვნელობა დიდია. ჩვენ ჩართული ვართ გლობალური კოალიციის საქმიანობაში მისი დაფუძნების შემდეგ, 2014 წლიდან. შესაბამისად , ჩვენ ამით ვადასტურებთ ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან კონტრიბუციას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენი როლი მნიშვნელოვანია ასევე, რეგიონალური უსაფრთხოების და სტაბილურობის კუთხით. ჩვენი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართულია რეგიონში უფრო მეტი უსაფრთხოების და სტაბილურობის შექმნისკენ. ჩვენ ამ მიმართულებით ვსაუბრობთ ახალ ადმინისტრაციასთან, ანუ საქართველოს ფუნქციაზე უსაფრთხოების კუთხით რეგიონში”, -განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტერიალის ფარგლებში, მონაწილეები იმსჯელებენ “ისლამური სახელმწიფოდან ” მომდინარე საფრთხეებზე, კოალიციის მიერ წარმოებულ ოპერაციებზე და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებზე.
საქართველო 2014 წლიდან გლობალური კოალიციის წევრია. გლობალური კოალიციის პირველი მინისტერიალი 2014 წლის 3 დეკემბერს, ბრიუსელში გაიმართა. კოალიციის მიზანი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და რეგიონში, ტერორიზმიდან გამომდინარე, საფრთხეების და შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის აღმოფხვრაა.
​ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 2017 წლის 20-23 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს აშშ-ის სენატორებთან და კონგრესმენებთან, ასევე, აშშ-ის ანალიტიკური და ექსპერტული წრეების წარმომადგენლებთან. გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე კოლეგა მინისტრებს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები