15-მა ბენეფიციარმა კომპანიამ მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთან ორწლიანი თანამშრომლობის პერიოდი დაასრულა

სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართულმა, 15-მა კომპანიამ, მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთან 2 -წლიანი თანამშრომლობა დაასრულა და საქმიანობას დამოუკიდებლად განაგრძობს.
როგორც ”კვირას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, 15 კომპანიიდან 12 სრულიად ახალი საწარმოა, რომლებმაც პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ახალი საქმიანობა წამოიწყეს, ხოლო სამმა საწარმომ პროგრამის ფარგლებში არსებული ბიზნესის გაფართოება-გადაიარაღება შეძლო და მნიშვნელოვნად განავითარა საკუთარი ბიზნესი.
ამავე განცხადების თანახმად, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, აღნიშნული 15 საწარმოდან 5 ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლებმაც პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, პირველად განახორციელეს ექსპორტი და 2 720 653 ლარის ღირებულების პროდუქტის საზღვრებს გარეთ გატანა მოახერხეს.
”ხსენებული 15 კომპანიის მიერ განხორციელებული საერთო ჯამური ინვესტიციის მოცულობა 60 800 000 ლარზე მეტია, სუბსიდიის სახით, მათზე 6 899 329 ლარია გაცემული, ხოლო გადასახადების სახით კი სახელმწიფოს ბიუჯეტში 12 969 167 ლარია შემოსული, რაც საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, საწარმოების მიერ 470 ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი, სამომავლოდ კი დასაქმებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან კომპანიები აქტიურად გეგმავენ წარმოების გაფართოებას
დღეის მდგომარეობით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სხვადასხვა, მათ შორის, კინოინდუსტრიისა და სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტების ფარგლებში, 184 პროექტია მხარდაჭერილი, რომელთა მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიციის მოცულობა 384 000 000 ლარზე მეტია. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტების დახმარებით, საქართველოში ჯამურად 7 966 ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი”, – წერია განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მიერ, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ განხორციელება 2014 წლის ივნისიდან დაიწყო. აღნიშნული პროგრამის ძირითად დანიშნულებას მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერის, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების გზით საქართველოში სამეწარმეო კულტურის განვითარება და საექსპორტო პოტენციალის ზრდა წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები