როგორ აიძულებდნენ „ნაციონალები“ ზაზა ოქუაშვილს, რომ ტელეკომპანია „იბერია“ და ბიზნესწილები დაეთმო – მოწმის სკანდალური ჩვენება

„თავად ვესწრებოდი იმ შეხვედრებს, სადაც ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა ზაზა ოქუაშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიების 51 პროცენტის, ანუ საკონტროლო პაკეტის დათმობა და ასევე, ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვა მოითხოვა“, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის მორიგ სასამართლო პროცესზე ბრალდების ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, ბესარიონ კეიდიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ შეხვედრას ვანო ჩხარტიშვილი და დავით ბეჟუაშვილიც ესწრებოდნენ.როგორც კეიდიამ სასამართლოზე აღნიშნა, ბადრი პატარკაციშვილმა ზაზა ოქუაშვილს გააცნო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა, რომ მას სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა შეეტანა 4 მილიონი და აგრეთვე, გაეჩერებინა ტელეკომპანია „იბერია“.
„შეთანხმება აღარ შედგა, რადგან ზაზა ოქუაშვილი ფეხს ითრევდა და ამბობდა, ქონებას მართმევენ, მაყაჩაღებენო“, – აღნიშნა მოწმე კეიდიამ, რომელმაც განმარტა, რომ ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესპარტნიორი და ახლო მეგობარი იყო.
„ჩემი შუამავლობით, ბადრი პატარკაციშვილმა ზაზა ოქუაშვილს შეუთვალა, რომ თუ კომპანიების წილებს არ დათმობდა, მას დაიჭერდნენ… ჩუბინაშვილზე გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ზაზა ოქუაშვილის მეგობარი, ირაკლი ბათიაშვილი და ნოტარიუსი ნუნუ გინტურიც ესწრებოდნენ, ,,ომეგა ჯგუფის’’ ხელმძღვანელს გადავეცი ბადრი პატარკაციშვილის დანაბარები, რომელშიც საუბარი 51 %-ის კი არა, არამედ 65%-ის სასწრაფოდ დათმობაზე იყო,“ – განაცხადა მოწმე კეიდიამ.
სასამართლო სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი პროკურორმა ემზარ გაგნიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ მაშინდელი ხელისუფლება „ომეგა ჯგუფში“ შემავალ სხვადასხვა კომპანიის საკონტროლო პაკეტის ხელში ჩაგდებას ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის შუამავლობით ცდილობდა.
„სწორედ ამ გარემოებებთან დაკავშირებით დაიკითხა ბესარიონ კეიდია, რომელმაც დაადასტურა, რომ იმდროინდელი ხელისუფლების სურვილი იყო, ამ ბიზნესის 51-პროცენტიანი წილი ხელში ჩაეგდო, მაგრამ ზაზა ოქუაშვილმა საკონტროლო პაკეტი არ დათმო, რამაც ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია და 51-პრცენტიანი წილი 65 პროცენტით შეიცვალა. ამასთან, ზაზა ოქუაშვილს შეუთვალეს, რომ თუ 65 პროცენტს არ დათმობდა, მას დააკავებდნენ,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პროკურორმა.
შეგახსენებთ: მთავარმა პროკურატურამ „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის საქმეზე გამოძიება 2013 წელს დაიწყო, თუმცა ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმე, რომელსაც მთავარი საგამოძიებო უწყება სამი წელი იძიებდა და  რომელზეც ბრალი ყოფილ გენერალურ პროკურორსა და იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს, ასევე, მის ყოფილ მოადგილე გიორგი ლაცაბიძეს აქვს წაყენებული, ცალკე წარმოებად გამოიყო. ამ ხნის განმავლობაში, არაერთი მოწმე დაიკითხა, გამოძიებას ჩვენებები „ომეგა ჯგუფის“ და, შესაბამისად, ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლებმაც მისცეს. „იბერიას“ საქმე განსახილველად სასამართლოს 2016 წლის ზაფხულში გადაეცა. „ომეგა ჯგუფის“ საქმის გამოძიება კი მთავარ პროკურატურაში ამ დრომდე გრძელდება.
„იბერიას“ ლიცენზია 2013 წელს მოდიფიცირებული სახით (სპეციალიზებული/გასართობი) დაუბრუნდა. ტელევიზია ეთერში ერთი წლის წინ, საერთო მაუწყებლობით დაბრუნდა. „იბერიას“ დახურვისა და ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის მორიგი სასამართლო პროცესი 21 აპრილს, 14:30 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები