ირაკლი შოთაძე ყველა იმ პირს, ვისაც სამართალდამცველების მიმართ ნარკოტიკების „ჩადებაზე“ პრეტენზიები აქვს, საჩივრის დაწერას ურჩევს

 ირაკლი შოთაძე ბოლო პერიოდში პოლიციის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ სამართალდამცველები დაკავებულებს ხშირ შემთხვევაში, ნარკოტიკებს „უდებენ“. როგორც შოთაძემ განმარტა, რომ მის უწყებას ვალდებულება აქვს, პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში, ყველა ასეთი შემთხვევა შეისწავლოს.
”მეც მომისმენია პრეტენზიები ნარკოტიკების „ჩადების“ შესახებ. ერთადერთი შემიძლია ყველას ვურჩიო, ვისაც მსგავსი პრეტენზიები გააჩნია, მათ შეუძლიათ მომართონ პროკურატურას. ჩვენ ვალდებულება გვაქვს, ყველა შესაძლო პრეტენზია თუ საჩივარი გადავამოწმოთ და შევისწავლოთ”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ. კითხვაზე, იწვევს თუ არა ეჭვს ის ფაქტი, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულთა შემთხვევაში, მოწმეები ძირითადად, პოლიციელები არიან, მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, მოწმეები პოლიციელების გარდა, შეიძლება სხვა პირებიც იყვნენ.
”როდესაც ხდება ნარკოტიკების შეძენა-შენახვის საქმეზე პირის დაკავება, საგამოძიებო მოქმედებებში ძირითადად, პოლიციელები არიან ჩართული, თუმცა მოწმეები შეიძლება იყვნენ ის ადამიანებიც, რომლებიც დაკავებას შეესწრნენ. ყველა ფაქტზე, სადაც არსებობს პრეტენზიები და შესაძლებელია, არსებობდნენ სხვა მოწმეები, ამ მოწმეების დაკითხვა ხდება სისხლის სამართლის საქმეზე.
ასევე, არსებობს სასამართლო კონტროლი. იქნება ეს ჩხრეკა, რაიმეს ამოღება ან სხვა საგამოძიებო მოქმედება, გადის სასამართლოს კონტროლს. როცა არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, საუბარი იმაზე, რომ პოლიციამ ჩაიდინა დანაშაული, არასწორია”, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები