ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელობის ანაზღაურება, საშუალოდ, 2500-დან 3000 ლარამდე მერყეობს

გაზეთი „პრაიმტაიმი“ სამედიცინო ცენტრ „ურანტში“ არსებულ კორუფციულ სქემაზე სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა წყაროს მიერ მიწოდებულ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, ნარკომომხმარებელთათვის განკუთვნილი ათი ათასობით ლარი, პროგრამის მიზნების ნაცვლად, კონკრეტული პირების კეთილდღეობას ხმარდებოდა.
​როგორც გამოცემის დღევანდელ ნომერში წერია, 2016 წლამდე მოქმედი ვაუჩერული დაფინანსებით თითო ბენეფიციარზე თვეში 215 ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა თავად პროგრამის განმახორციელებელი მენეჯმენტის ხელფასებზე ათი ათასობით ლარი იხარჯებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელობის ანაზღაურება, საშუალოდ, 2500-დან 3000 ლარამდე მერყეობს, თუმცა გაცილებით კოლოსალურია მისი ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის – „ურანტის“ სახელფასო ფონდი. ყოველთვიურად ორგანიზაციის სამ ხელმძღვანელ პირზე – ზურაბ სიხარულიძეზე (დირექტორი), ზაზა შენგელიასა (დირექტორის მოადგილე) და პაატა ლეკიაშვილზე (მთავარი ფინანსისტი) ანაზღაურების სახით, შთამბეჭდავი თანხები გაიცემოდა და ეს იმ ფონზე, როცა უამრავი ნარკოდამოკიდებული, მწირი დაფინანსების გამო, უშედეგოდ ელის ჩანაცვლებით პროგრამაში ჩართვას.
დოკუმენტების თანახმად, „ურანტის“ დირექტორის ანაზღაურება თვეების მიხედვით იზრდება. ზურაბ სიხარულიძეს 2015 წლის თებერვალში ხელფასის სახით აღებული აქვს 12 917 ლარი, იმავე წლის მარტში – 13 751 ლარი, აპრილში – 15 419 ლარი, აგვისტოში – 22 944 ლარი, 2015 წლის დეკემბერში კი სიხარულიძის ხელფასმა 32 144 ლარს მიაღწია.
​გამონაკლისი არ ყოფილა არც 2016 წელი. ზურაბ სიხარულიძემ მხოლოდ გასული წლის აპრილსა და მაისში, ხელფასის სახით, 17-17 ათასი ლარი მიიღო.
ამავე სტატიით ირკვევა, რომ მზარდი ტენდენციით ხასიათდება დირექტორის მოადგილის, ზაზა შენგელიას ანაზღაურებაც. 2015 წლის ივნისში შენგელიამ ხელფასის სახით 13 758 ლარი აიღო, აგვისტოში – 20 733 ლარი, დეკემბერში კი 30 089 ლარი ჩაერიცხა.
რაც შეეხება პაატა ლეკიაშვილს, რომელსაც „ურანტიში“ ფინანსები აბარია, 2015 წლის იანვარში მას ხელფასის სახით 3491 ლარი უფიქსირდება, თუმცა იმავე წლის თებერვლიდან შენგელიას ხელფასი 10 586 ლარამდე იზრდება, აგვისტოში მისმა ანაზღაურებამ უკვე 16 ათას ლარს გადააჭარბა, 2015 წლის დეკემბერში კი „ურანტის“ მთავარმა ფინანსისტმა ხელფასის სახით 24 970 ლარი აიღო. გასული წლის აპრილსა და მაისში ლეკიაშვილის სახელზე 16-16 ათასი ლარი ირიცხება.
მეტადონის პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ კოლოსალური თანხების მიღება, სავარაუდოდ, 2016 წლის ივნისიდან მეტ-ნაკლებად შეწყვიტა. შესაძლოა, ეს საბიუჯეტო დაფინანსების ცვლილებამ განაპირობა. უკვე 2016 წლის ივნისიდან „ურანტის“ შემოსავლების შესახებ ინფორმაცია ჩვენთვისაც უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ შემცირებული ბიუჯეტის მიუხედავად, ორგანიზაციამ ბენეფიციართა რაოდენობა თითქმის გააორმაგა. სავარაუდოდ, სახელფასო დანაკლისს „ურანტი“ უკვე ნარკომომხმარებლების თანადაფინანსებით ავსებდა.
​საქმე ის გახლავთ, რომ „ურანტში“ აღრიცხვაზე დაყენებული ვერც ერთი ნარკომომხმარებელი მომსახურებას ვერ მიიღებდა სპეციალური დაშვების ბარათის გარეშე, სადაც ბენეფიციარს უნდა ერიცხებოდეს ყოველთვიური თანადაფინანსების თანხა, 110 ლარის ოდენობით. სავარაუდოდ, პროგრამის მიხედვით გათვალისწინებული თანადაფინანსება გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც „ურანტმა“ მომსახურების მიმღებ პირთა რაოდენობა დაახლოებით 1300-მდე გაზარდა. ანუ გამოდის, რომ ორგანიზაცია სახელფასო ფონდს, ბიუჯეტის ნაცვლად, ახლა თავად ნარკომომხმარებლების ჯიბიდან ივსებდა.
„პრაიმტაიმი“ სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ ხელმძღვანელს, ზურაბ სიხარულიძეს დაუკავშირდა და დაინტერესდა, რამდენად ეფექტურად ახორციელებდა „ურანტი“ ჩანაცვლებით პროგრამას და რა საფუძვლით ერიცხებოდა ორგანიზაციის ტოპმენეჯმენტს კოლოსალური თანხები.
„რა კოლოსალური თანხებია გაცემული, აი, ძაან მაინტერესებს რა… კარგად ბრძანდებოდეთ. ვინც მოგაწოდათ ეს ინფორმაცია, იმას ჰკითხეთ. მე ნამდვილად არ მერიცხებოდა 32 ათასი და თქვენ აი, მაგ ინფორმაციის გავრცელებისთვის გიჩივლებთ სასამართლოში. დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელების გამო გიჩივლებთ, აუცილებლად. ისე, რომ იცოდე, მე მაქვს ხელფასი 3200 ლარი“,- განუცხადა გამოცემას ზურაბ სიხარულიძემ და საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ფარგლებში, „ურანტში“ გაფორმებული იყვნენ ტოპმენეჯმენტის ოჯახის წევრებიც, მათ შორის, ზურაბ სიხარულიძის ქალიშვილი, დირექტორის მოადგილის, ზაზა შენგელიას მეუღლე, მთავარი ფინანსისტის, პაატა ლეკიაშვილის ვაჟი და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები