გედევან ფოფხაძე: თუ პრეზიდენტმა ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო, საპარლამენტო უმრავლესობა მას დაძლევს
“თუ პრეზიდენტმა ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო, საპარლამენტო უმრავლესობა მას დაძლევს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე განმარტებით, კანონპროექტის საბოლოო რედაქცია შეთანხმებული იყო პროცესში ჩართულ ინსტიტუტებთან, მათ შორის, გაიმართა კონსულტაციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან.
„ვის რა მოსაზრებები აქვს ამასთან დაკავშირებით, ამის მიხედვით გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. თუ ვეცდებით, რომ განსხვავებული აზრის გაქრობის ხარჯზე მივიღოთ გადაწყვეტილებები, გადაწყვეტილებებს საერთოდ ვერასდროს მივიღებთ, იმიტომ, რომ ყოველთვის იქნება განსხვავებული მოსაზრება. ეს არის ადამიანის ბუნება“, – განაცხადა ფოფხაძემ.
კითხვაზე, თუ პრეზიდენტმა ვეტო დაადო ე.წ. ფარული მიყურადების შესახებ საკანონმდებლო პაკეტს, დაძლევს თუ არა პარლამენტი მას, დეპუტატმა უპასუხა: „დიახ, რა თქმა უნდა“.