უშიშროების საბჭოს მდივანი ხურვალეთში ჩავიდა: ეს ისტორიული უსამართლობა აუცილებლად დამთავრდება

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო. დავით რაქვიაშვილმა ხურვალეთში შსს-ს და სუს-ის თანამშრომლებისგან მიიღო ინფორმაცია იმ პრობლემების შესახებ, რაც ადგილობრივ მოსახლეობას მავთულხლართებმა შეუქმნა. ის გაესაუბრა დათა ვანიშვილს, რომლის სახლი და ეზო მავთულხლართებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამდენიმე წლის წინ მოაქცია.
როგორც დავით რაქვიაშვილმა განაცხადა, საქართველო არ შეეგუება რუსეთის ფედერაციის ქმედებებს.
”ეს არის პირველ რიგში, ისტორიული უსამართლობა, ეს არის იმ სახელმწიფოს სახე, რომელიც აცხადებს პრეტენზიას, რომ მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება უნდა. ეს არის რუსეთის ფედერაციის სახე – მავთულხლართები. ეს ისტორიული უსამართლობა აუცილებლად დამთავრდება. ამას არ შეეგუება საქართველოს არც ერთი ხელისუფლება და არც ერთი მოქალაქე, თუმცა რაც ამ მავთულხლართებს იქით ხდება, ეს ცალკე უბედურებაა. ფაქტობრივად, მთელი ტერიტორია გადაქცეულია ერთ გარნიზონად, რომელსაც რუსეთი სთავაზობს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას. ეს ტერიტორია გადაქცეულია ერთ დიდ საჯარისო ფორმირებად. ფედერაციას მეტი არაფერი უნდა, რომ არა შექმნას უსაფრთხოების კრიზისი, არა მარტო საქართველოსთან მიმართებაში, არამედ მთლიანად რეგიონში. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქეები, ფაქტობრივად, აღარ სახლობენ. მშვიდობიანი მოსახლეობისგან ეს რეგიონი მთლიანად დაიცალა და ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორია მთლიანად საჯარისო გარნიზონს წარმოადგენს”, – განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები