„ეს არის რუსეთის მორიგი პროვოკაცია, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ რეგიონში იყოს დესტაბილიზაცია“

„ეს არის რუსეთის მორიგი პროვოკაცია, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ რეგიონში იყოს დესტაბილიზაცია“, – ამ სიტყვებით ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დუნდუა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ქვედანაყოფების შესვლას გულისხმობს.
როგორც დავით დუნდუა აცხადებს, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პირდაპირი დარღვევაა.
„ეს არის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დარღვევა. რუსეთის საოკუპაციო ჯარი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე 2008 წლის აგვისტოდან იმყოფება და სრულად აკონტროლებს იქ უსაფრთხოების სიტუაციას. ასე რომ, ამ მხრივაც იქ არაფერი იცვლება, მაგრამ ეს არის მორიგი ნაბიჯი გადადგმული საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ. ასევე, ეს არის რუსეთის მორიგი პროვოკაცია, რაც მიმართულია იმისკენ, რომ რეგიონში იყოს დესტაბილიზაცია“, – აცხადებს დავით დუნდუა.
​შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ქვედანაყოფების შესვლას მხარი დაუჭირა. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მოლაპარაკების გამართვა და შეთანხმების ხელმოწერა დაავალა. ე.წ, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებში დღეს 1250 ადამიანი შედის, ხოლო 15 ათასი – რეზერვშია.
შეთანხმების მიხედვით, თუ რომელიმე პირმა რუსეთის ჯართან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალებიდან დათხოვნილი უნდა იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები