ეკონომიკის მინისტრი „რუსთავი 2“-ის საქმეზე აღსრულების მექანიზმების შეჩერების პირობებში საკუთრების უფლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების რისკს ხედავს

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, აღსრულების მექანიზმების შეჩერების პირობებში საკუთრების უფლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების რისკს ხედავს. როგორც გახარიამ აღნიშნა, ეკონომიკური განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც ქვეყანა იმყოფება, საკუთრების უფლების აღსრულების მექანიზმების შეჩერება დიდი რისკის შემცველია.
“ამ შემთხვევაში, სიტყვის თავისუფლების პრიორიტეტის დაყენება საკუთრების თავისუფლების წინაშე, ჩემთვის ცოტა გაუგებარია და ვთვლი, რომ არის რისკების შემცველი. მე, როგორც ეკონომიკის სწრაფ ზრდაზე პასუხისმგებელი ადამიანი, ვამბობ, რომ ჩვენთვის ძალზე სახიფათო და რისკის შემცველია აღსრულების ინსტრუმენტებისა და მექანიზმების მსგავსი შეჩერება, რასაც შეიძლება მომავალში საკუთრების უფლების რისკის ქვეშ დაყენების რაღაც პოტენციალი გააჩნდეს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც კანონმდებლობა ახალი ტელევიზიის დარეგისტრირების საშუალებას იძლევა 10 დღეში, როდესაც ბოლო 4 წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული ტელევიზიაა დარეგისტრირებული, როგორც მსხვილი, ასევე რეგიონული, აქ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მე არ მესმის, თუმცა აღსრულების მექანიზმების შეჩერების პირობებში საკუთრების უფლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების რისკს ვხედავ, ამიტომ ვთვლი, რომ ის დისკრეცია, რომელიც სახელმწფოს აქვს, აბსოლუტურად კანონიერია, მას შეუძლია და ლეგიტიმური უფლება აქვს, გამოიყენოს, რა მიმართულებითაც უნდა”, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები