სოფო ჯაფარიძემ გაერო-ს ქალთა სტატუსის კომისიის 61-ე სესიის ფარგლებში გამართულ მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა

ნიუ-იორკში გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 61-ე სესია გაიხსნა, რომლის  მთავარი თემაა – „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება შრომის ცვალებად სამყაროში.”
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სესიის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა, სადაც სიტყვით გამოვიდა პრემიერ–მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს თემაზე – „სრული და პროდუქტიული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ადგილი ყველასთვის: როგორ უნდა მოხდეს მდგრადი განვითარების მე-8 მიზნის განხორციელება ქალებისთვის 2030 წლისთვის”.
სოფო ჯაფარიძემ ისაუბრა შრომის სამყაროში მიმდინარე მნიშვნელოვან ცვლილებებზე, მათ შორის ტექნოლოგიურ ცვლილებებზე, რამაც შესაძლოა, გააჩინოს, როგორც დასაქმების ახალი წყარო, ისე ჩაანაცვლოს უკვე არსებული სამუშაო ადგილები. იგი შეეხო არაფორმალურ სექტორში ქალთა დასაქმების კუთხით არსებულ გამოწვევებს და მდგრადი განვითარების მიზნებს – მოხდეს ქალთა უზრუნველყოფა ღირსეული სამუშაო ადგილებით და გაუმჯობესებული სოციალური დაცვის სისტემით.
პრემიერ–მინისტრის თანაშემწემ ყურადღება გაამახვილა სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობასა და მის ხარისხზე, რაც ხშირ შემთხვევაში,  ქალთა სრული და პროდუქტიული დასაქმების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
გამოსვლის დასასრულს, სოფო ჯაფარიძემ მიმოიხილა ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და ისაუბრა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობის გაზრდის აუცილებლობაზე.
საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში.  დელეგაციის შემადგენლობაში ასევე, შედიან საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები