“ქურდული სამყაროს” სახელით ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვის მცდელობისთვის კახა შუშანაშვილის ძმისშვილი დააკავეს

ბოლო დროს, “ქურდული სამყაროს” სახელით ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვის მცდელობა ე.წ. კანონიერ ქურდ კახა შუშანაშვილს უკავშირდება.
როგორც გაზეთი „პრაიმტაიმი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, ევროპაში მყოფ „კანონიერი ქურდში“ საფრანგეთში, კერძოდ, მარსელის ციხეში მყოფი კახა შუშანაშვილი იგულისხმება. კახა შუშანაშვილის ადვოკატი ნონა ფრიდონაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას, ამ საქმესთან მისი დაცვის ქვეშ მყოფის კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
„პირველ რიგში, კახაბერ შუშანაშვილის მოხსენიება, როგორც „კანონიერი ქურდის“, არღვევს მისი თავისუფლებისა და უდანაშაულობის პრეზუმფციას, რადგან მას მხოლოდ ბრალი ედება „კანონიერი ქურდობის“ ჩადენაში და აღნიშნული ბრალდებით, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვა უკვე ექვსი წელიწადია მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში და კახაბერ შუშანაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა. აღნიშნულის თაობაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნამდვილად აქვს ინფორმაცია, რადგან სწორედ ამ უწყებისგან მე, როგორც კახაბერ შუშანაშვილის ინტერესების დამცველ ადვოკატს, არერთხელ მიმიღია წერილობითი ინფორმაცია, რომ კახაბერ შუშანაშვილის მიმართ, გარდა ზემოთ მითითებული ბრალდებისა, სხვა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არ მიმდინარეობს და დღეისთვის იგი ნასამართლობის არმქონე პირია. კახაბერ შუშანაშვილი ნამდვილად მარსელის ბომეტის ციხეში იმყოფება, სადაც თითქმის ყოველდღე ირღვევა მისი უფლებები. აღნიშნულის თაობაზე, ინფორმაციას მაწვდიან როგორც მისი ფრანგი ადვოკატები, ასევე, საფრანგეთში საქართველოს საკონსულო. ოთხი წელიწადი ესპანეთში და სამი წელიწადი (მთლიანობაში 7 წელიწადი) ბომეტის ციხეში კახაბერ შუშანაშვილი სრულიად უკანონოდ სამარტოვე საკანში იმყოფება და მიუხედავად მისი ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობისა, არ უტარდება სათანადო მკურნალობა (ქირურგიული ოპერაცია დღემდე არ ჩაუტარდა, მიუხედავად არაერთი ექიმისა და ექსპერტის დასკვნისა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება).
სამარტოვე საკანში, სრულ იზოლაციაში მყოფი კახაბერ შუშანაშვილი ვერანაირად ვერ შეძლებს საქართველოში, ნებისმიერ ადამიანთან დაკავშირებას. ის, რომ მედიით გავრცელებულ ჩანაწერებში ბრალდებულები ახსენებენ ვინმე კახას, არ ნიშნავს, რომ კახაბერ შუშანაშვილზეა საუბარი და თუ სრულ ჩანაწერში რომელიმე ბრალდებული, თუნდაც გვარით და სახელით მოიხსენიებს მას, არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე ბრალდებული, არ ვიცი პროვოკაციის თუ სხვა მიზნით, ასახელებდეს კახაბერ შუშანაშვილს, თუმცა კიდევ ვიმეორებ, გამორიცხულია, რომელიმე მათგანს რაიმე სახის კომუნიკაცია ჰქონოდა სამარტოვე საკანში, ფაქტობრივად, კარცერში მყოფ კახაბერ შუშანაშვილთან. თუ აქვთ შესაძლო მტკიცებულებები, რომ ბრალდებულები, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, როგორც მათ მოიხსენიებენ, ბიზნესმენს ე.წ. „კანონიერი ქურდის“ მითითებითა და დავალებით სძალავდნენ თანხას ე.წ. „ქურდულ საერთოში“ შესატანად, გამოძიება მხოლოდ გამოძალვის მუხლით რატომ მიმდინარეობს და რატომ არ წაუყენეს ბრალდებულებს სსკ-ის 2231 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა?! პასუხი მარტივია, მტკიცებულებები არ აქვს გამოძიებას, თუმცა არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს“, – აცხადებს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას კახა შუშანაშვილის ადვოკატი ნონა ფრიდონაშვილი.
როგორც გამოცემა წერს, ბოლო პერიოდში ეს არ ყოფილა ძმები შუშანაშვილების გარემოცვის წინააღმდეგ ჩატარებული ერთადერთი სპეცოპერაცია. გასული წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, რუსთავში სამი პირი დააკავა. „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ დაკავებულთა შორის გახლავთ საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდების“, კახა და ლაშა შუშანაშვილების ძმისშვილი. მასთან ერთად, დაკავებულია „კანონიერი ქურდის“ ნათლული და, ასევე, მისი მეგობარი. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებმა ქურდული სამყაროს სახელით ერთ-ერთ ბიზნესმენს მიწის ნაკვეთი გამოსძალეს. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ერთ-ერთი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ დავალებით მოქმედებდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ დაკავებულთა შორის შუშანაშვილების ძმისშვილი – ლაშა შუშანაშვილიცაა, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, ვისზე მიანიშნებს გამოძიება. შეგახსენებთ, რომ შუშანაშვილების სახელი ქურდულ სამყაროში ყველასთვის ცნობილია. ესპანური პრესა კახა შუშანაშვილს ქართულ-რუსული მაფიის გენერლადაც მოიხსენიებს. მისი ძმა, ლაშა შუშანაშვილი ქურდულ სამყაროში ასევე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. შედარებით ნაკლებად ცნობილია მესამე ძმა – კობა შუშანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები