„არსებობდა ორი დანაშაულებრივი გეგმა“, – თეოლოგი ე.წ. ციანიდის საქმის თაობაზე საუბრობს

“​პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ვიდეომტკიცებულებების მიხედვით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბრალდებულ დეკანოზს პატრიარქის კვების რაციონი კარგად ჰქონდა შესწავლილი და ზუსტად იცოდა, როგორ უნდა მომხდარიყო უწმინდესის მოწამვლა!” -ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავლთან“ ინტერვიუში თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, არც შორენა თეთრუაშვილსა და არც ქორეპისკოპოს იაკობს დიაბეტის პრობლემა არ აქვთ და ისინი ტკბილეულს ჩვეულებრივად მიირთმევენ.
„გამოძიების მიერ გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებში მკაფიოდ ისმის, რომ მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე დეკანოზ გიორგი მამალაძეს ეუბნება, როგორც მითხრეს, ციანიდი შაქრით ნეიტრალდებაო, რაზეც სასულიერო პირი პასუხობს: „ვიცი, რომ ციანიდს ტკბილეული ანეიტრალებს, მაგრამ ვისთვისაც საწამლავი მჭირდება, ის ტკბილს არ ჭამსო“. საყოველთაოდ ცნობილია, რომ პატრიარქი დიდი ხანია, დიაბეტით არის დაავადებული და ტკბილეულის მიღება სასტიკად აკრძალული აქვს. იგი ჩაიშიც კი არ იყრის შაქარს. სხვა ვარიანტს გამოვრიცხავ, რადგან არც ქალბატონ შორენა თეთრუაშვილსა და არც ქორეპისკოპოს იაკობს დიაბეტის პრობლემა არა აქვთ და ისინი ტკბილეულს ჩვეულებრივად მიირთმევენ! თუმცა, აქვე უნდა ვთქვა, რომ ჩემს ხელთ არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის თანახმად, არსებობდა ორი დანაშაულებრივი გეგმა. კერძოდ, თუ პატრიარქი გადაიტანდა და თავისი სიკვდილით არ გარდაიცვლებოდა, მისი ლიკვიდაცია მოწამვლის გზით უნდა მომხდარიყო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მისი უწმინდესობა საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვლებოდა, ციანიდი შორენა თეთრუაშვილისა და ქორეპისკოპოს იაკობის ლიკვიდაციისთვის უნდა გამოეყენებინათ“, – აცხადებს გიორგი ტიგინაშვილი.
ის მიიჩნევს, რომ პროკურატურამ მეუფე დიმიტრი უნდა დაკითხოს.
„როცა დეკანოზი მამალაძე მრავლობით კონტექსტში საუბრობს და ხშირად იყენებს სიტყვას „ჩვენ“, ვფიქრობ, იმ მაღალ სასულიერო პირებს გულისხმობს, რომლებსაც მის კარიერულ აღზევებაში უზარმაზარი წვლილი მიუძღვით. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ადმინისტრაციული თანამდებობები ეკავა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში, რომელსაც პატრიარქის ძმისშვილი, მეუფე დიმიტრი ხელმძღვანელობს! მამალაძე სწორედ მეუფე დიმიტრის უშუალო რეკომენდაციით გადმოიყვანეს თბილისში და საპატრიარქოს საფინანსო განყოფილების თანათავმჯდომარედ დანიშნეს! ვფიქრობ, პროკურატურამ მეუფე დიმიტრი, როგორც მინიმუმ, მოწმის სახით უნდა დაკითხოს, რადგან მას დეკანოზ გიორგი მამალაძესთან არამარტო საქმიანი, არამედ ოჯახური კავშირიც აქვს. მეუფე დიმიტრის ერთ-ერთი ქალიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის ცოლია!“, -აცხადებს გიორგი ტიგინაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები