პროკურორი: გერმანიაში გამგზავრებამდე, მამა გიორგი მამალაძემ ბანკიდან 30 000 ლარის ოდენობის სესხი აიღო

“ჩვენ განვახორციელეთ მხოლოდ ბრალდებულსა და ირაკლი მამალაძეს შორის შეხვედრების აუდიო-ვიდეოჩაწერა”, – ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრისას აცხადებს.
მისი თქმით, არ ჩატარებულა ვიზუალური კონტროლი, შესაბამისად, პროკურორისთვის გაუგებარია, რაზე დაყრდნობით აცხადებენ ადვოკატები, რომ მიმდინარეობდა ბრალდებულის თვალთვალი.
„ბრალდებული მოქმედებდა ძალიან ფრთხილად, ყოველდღიურად მისი ვიზუალური კონტროლი დიდ რისკთან იყო დაკავშირებული და არსებობდა საფრთხე, რომ მას შეემჩნია ფარული მოქმედებები, რაც არსებითად დააზიანებდა გამოძიებას. ჩვენ ისედაც ფარულად ვაყურადებდით და ვიწერდით მობილური ტელეფონით მის საუბარს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ვიზუალური კონტროლი ხდება დისტანციიდან, რათა ეჭვი არ აიღოს ობიექტმა. სწორედ ამიტომ აღარ გავწიეთ რისკი და არ ჩატარებულა ვიზუალური კონტროლი. ნებისმიერი ასეთი ღონისძიების შედეგები აისახება შესაბამის ოქმებში, ასეთი დოკუმენტი კი საქმეში არ არსებობს და გაუგებარია, რაზე დაყრდნობით აცხადებენ ადვოკატები, რომ მიმდინარეობდა ბრალდებულის თვალთვალი. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი არ იცნობენ საქმის მასალებს. ჩვენ განვახორციელეთ მხოლოდ ბრალდებულსა და ირაკლი მამალაძეს შორის შეხვედრების აუდიო-ვიდეოჩაწერა. ბრალდებული თანხის მოძიების შემდეგ, გეგმავდა ირაკლი მამალაძისგან ციანიდის შეძენას, თუმცა აღარ შეხვდა მას. ჩვენ დავადგინეთ, რომ გიორგი მამალაძეს საწამლავი უნდოდა ადამიანის მოსაწამლად და სასწრაფოდ სჭირდებოდა გერმანიაში გამგზავრებამდე“, -აცხადებს პროკურორი.
მისივე თქმით, ბრალდებული კონკრეტული პირისგან ციანიდის შეძენას ჯერ კიდევ 2016 წლის აგვისტოში ცდილობდა.
„ბრალდებული ჩანაწერებშიც ცალსახად აცხადებს, რომ ციანიდი უნდა გერმანიაში წასვლამდე. დადგენილია, რომ გერმანიაში გამგზავრების წინ, გიორგი მამალაძე მიდის ბათუმში, სადაც ბანკიდან გამოაქვს სესხი 30 000 ლარი. ამის შემდეგ აღარ დაკავშირებია ირაკლი მამალაძეს. ბრალდებულს დაკავებისას აღმოაჩნდა 4 500 ევრო და 500 აშშ დოლარი, რაც ეკვივალენტია 14 000 ლარის, ხოლო სხვაობა გამგზავრებამდე გახარჯა. ვის გადაუხადა თანხა და ვისგან შეიძინა ციანიდი, ამაზე გამოძიება მუშაობს…ხდება იმ პირების იდენტიფიცირება, ვისთანაც ჰქონდა გიორგი მამალაძეს ურთიერთობა. ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებისგან”, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები