ვინ დგას ბათუმის აქციის უკან და რა კავშირი აქვს მასთან კობა ხაბაზს

“ვინ დგას ბათუმის აქციის უკან”, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. როგორც გაზეთი წერს, არ არის გამორიცხული, ბათუმში „სასარგებლო იდიოტის“ როლში მერაბ ღოღობერიძე აღმოჩენილიყო.„ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ამ პირთან ყოველგვარ ურთიერთობას უარყოფს და არგუმენტად ღოღობერიძის წარსული საქმიანობა მოჰყავს – ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის სახლს, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად, ქვებს უშენდა. გამოცემის ვარაუდით, შემთხვევითი არ არის, რომ „ენმ“-ში დარჩენილმა რადიკალებმა ბათუმის აქციას – და ეს მაშინ, როცა აქციის მონაწილეები მანქანებს წვავდნენ, პოლიციელებს ქვებს უშენდნენ და სახიფათო ლოზუნგებს ისროდნენ – სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს და სოლიდარობის აქციები მოაწყვეს როგორც ქუთაისში, ისე ზუგდიდსა და თბილისში. დედაქალაქში ნიკა რურუა და აკო მინაშვილი გამოვიდნენ. მოგვიანებით კი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და მიხეილ სააკაშვილის სტუდენტობის მეგობარმა, ლევან ვარშალომიძემ მეორე დღეს, ანუ კვირა საღამოს, აქცია დააანონსა და მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. სოციალურ ქსელებში კი გაისმა პოლიტიკური მოწოდებები: “გადადგეს მთავრობა!” “დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები”!
სტატიის თანახმად, ყველაფერი ეს „სასარგებლო იდიოტიდან“ დაიწყო. საუბარია მერაბ ღოღობერიძეზე, რომელიც სახიფათო და პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებდა. საინტერესოა, რომ შაბათის აქციამდე რამდენიმე დღით ადრე, მან რამდენჯერმე სცადა აქციების გამართვა, თუმცა მხოლოდ ოთხი ადამიანი შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარაში არანაირი ნეგატიური განწყობები არ არსებობდა. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა „პრაიმტაიმთან“ პირად საუბრებში აღნიშნეს, რომ ღოღობერიძე სწორედ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობდა ბოლო დროს. ამ კონტექსტში, სოცქსელებში გაიჟღერა ელგუჯა ბაგრატიონის გვარმა, რომელიც აჭარაში “ნაციონალების” ერთ-ერთი ლიდერია. როგორც გამოცემა ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, აქცია აშკარად კარგად ორგანიზებული იყო და თითქოს ყველამ კარგად იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა და როგორ უნდა ემოქმედა. აქციის რადიკალურად განწყობილ მონაწილეებს სახე დაფარული ჰქონდათ და ჟურნალისტებს ეუბნებოდნენ, ნუ გვიღებთ, პოლიცია ამოგვიცნობსო. ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ აქციაში ბათუმელების ძალიან ცოტა ნაწილი მონაწილეობდა, სოციალურ ქსელშიც აჭარის მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი ამ აქციას არ შეერთებიან. წინასწარი ინფორმაციით, მთავარი მამოძრავებელი ძალა კობა ხაბაზი და მისი „თავისუფალი ზონა“ იყო, რომელიც, ასევე, მიხეილ სააკაშვილზეა მიბმული. თავად ხაბაზი შაბათს საღამოს, ნიკა რურუასთან და აკო მინაშვილთან ერთად, თბილისში პარლამენტის წინ გამოჩნდა.

​ჩხვირკიამ მოითხოვა, საპატრულო პოლიციის უფროსის გადაყენება. ის არეულობაში მონაწილეების სახელით ითხოვს შს მინისტრთან შეხვედრას და მისგან აღნიშნული პირებისთვის ხელშეუხებლობის გარანტიის მიღებას. მან ხელისუფლებას 1,5 საათი მისცა და პირობა დადო, რომ ამ დროის განმავლობაში, ქვების სროლა არ გაგრძელდება.
ცნობისთვის: არეულობა მოჰყვა ინციდენტს, რომელიც მოქალაქესა და საპატრულო პოლიციის თანამშრომელს შორის მოხდა – პოლიციელმა არასწორი პარკირებისთვის მოქალაქეს ჯარიმა გამოუწერა. როგორც მოქალაქე ჯიმი ვარშანიძემ განაცხადა, ის ძმის სასაფლაოდან მოდიოდა, მანქანაში მამა ეჯდა და მისთვის აფთიაქში სასწრაფოდ წამალი უნდა შეეძინა, თუმცა ეს ვითარება საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა არ გაითვალისწინა და ჯარიმა მაინც გამოწერა. ვარშანიძემ პატრულს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც შემდეგ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ინციდენტში იქვე მყოფი გამვლელებიც ჩაერთვნენ, რომლებმაც მამა-შვილის დაცვა სცადეს. პოლიციამ ინციდენტის ადგილას 6 ადამიანი დააკავა, მათ შორის, ჯიმი ვარშანიძეც. ამის შემდეგ უკვე აქცია სერიოზულ და სახიფათო ხასიათს იღებს და აქტიურობს როგორც მერაბ ღოღობერიძე თავისი პროვოკაციული ლოზუნგებით, ისე „თავისუფალი ზონა“…
კიდევ უფრო სახიფათო განმარტება გააკეთა მერაბ ღოღობერიძემ უკვე კვირას, ვანდალური აქციის მეორე დღეს. მან თქვა, რომ რასაც აპროტესტებდა, ეს თავად კი არ მოისმინა, არამედ ასე გადასცეს. „სუფრასთან, სადაც ბატონი კახა ბუხრაძე (საპატრულო პოლიციის უფროსი, ვის გადაყენებასაც მოითხოვდა ღოღობერიძე) ადგილობრივ პოლიციელებთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, იქ მან ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა, რაც სააშკარაოზე გამოიტანეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. მე პირადად არ მომისმენია, გადმოცემით ვიცი“, – აღნიშნა ღოღობერიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები