ფართომასშტაბიანი ენერგოეფექტურობის ღონისძიებებისთვის საქართველო საპილოტე ქვეყნად შეირჩა

ფართომასშტაბიანი ენერგოეფექტურობის ღონისძიებებისთვის საქართველო საპილოტე ქვეყნად შეირჩა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისში ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატარინა მატერნოვა და წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები იმყოფებიან.
როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიების მიზანია, კერძო და საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის მისაღწევად, პოლიტიკის პრიორიტეტებისა და მდგრადი საინვესტიციო ინსტრუმენტების განხილვა.
თბილისში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), მსოფლიო ბანკის (WB) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) წარმომადგენლები კერძო და საჯარო სექტორებიდან დაინტერესებულ მხარეებს შეხვდნენ.
მათივე ინფორმაციით, ამავე შეხვედრის მიზანი საქართველოში შენობების ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით პრიორიტეტულ ღონისძიებებზე შეხედულებების გაზიარებაა.
„საქართველოში კერძო და საჯარო შენობებზე მთლიანი ენერგიის ხარჯვის დაახლოებით 30% მოდის, რაც საგრძნობლად აისახება როგორც ხალხის ჯიბეზე, ასევე გარემოზე. იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკა გააგრძელებს ზრდას და შესაბამისად, ენერგიის მოხმარებაც მოიმატებს, მნიშვნელოვანია მეტი ყურადღება დავუთმოთ ენერგოეფექტურობის სტანდარტების გაუმჯობესებას, რის დასაწყებადაც კერძო და საჯარო შენობების მშენებლობა კარგი სფეროა.
ჩვენ აქ ვიმყოფებით ენერგოეფექტურობის ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროკავშირისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერის მობილიზებისთვის, რაც საბოლოო ჯამში, გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონეს და გაზრდის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ბრუნო ბალვანერამ ხაზგასმით აღნიშნა: ენერგოეფექტურობა საქართველოსთვის EBRD-ის ახალი სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომელიც წელს დამტკიცდა.
ჩვენი ბანკი თანამშრომლობდა საქართველოს მთავრობასთან ახალი რეგულაციების შემუშავებაზე, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას სამშენებლო სექტორში. ეს ხელს შეუწყობს კანონის აღსრულებას და ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან მორგებას. საქართველოში შენობების ენერგოეფექტურობის სტანდარტის ამაღლების კუთხით, უზარმაზარი პოტენციალი არსებობს. ერთობლივი მისია ევროკავშირისა და პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია.
ის მიმართულია შენობებთან დაკავშირებული ენერგოეფექტურობის პოლიტიკისა და ინვესტიციების მეტი მხარდაჭერისკენ და მოიცავს ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის რეგიონებს. შერჩეულ იქნა ოთხი საპილოტე ქვეყანა: საქართველო, უკრაინა, სერბეთი და ტუნისი. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ცალკეული ენერგოეფექტურობის პროექტების ნაცვლად, ყურადღების გამახვილებას ყოვლისმომცველ მიდგომაზე, რომელიც ხელს უწყობს კონკრეტული პოლიტიკის შემუშავებას და მდგრადი ინვესტიციების მატებას. შერჩეულ ქვეყნებში მისიების დასრულების შემდეგ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, ევროკომისია გამოავლენს პრიორიტეტულ სფეროებს კერძო და საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განსახორციელებლად”, – განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თბილისის ოფისში დაინტერესებულ მხარეებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, გენერალური დირექტორის მოადგილემ, კატარინა მატერნოვამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები