კლასიკური გიტარის კონკურსს დაფინანსება შეუწყდა

კლასიკური გიტარის კონკურსი, რომელიც საქართველოში იმართება, უკვე საერთაშორისო კონკურსის სტატუსს ატარებს. კონკურსის ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსს წლების მანძილზე კულტურის სამინისტრო აფინანსებდა, თუმცა ამ ეტაპზე დაფინანსება შეწყვეტილია, კონკურსი 6000 ლარზე მეტი ბიუჯეტით ფინანსდებოდა. როგორც, კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნინო ჯანჯღავა აცხადებს, მათთვის გაუგებარია, რატომ შეუწყდა ასეთ პროგრესირებად კონკურსს დაფინანსება.
„კონკურსის ჩატარება წელს გვინდოდა დეკემბრის თვეში, თუმცა ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, დაფინანსება შეწყვეტილია, ჩვენ ამ ეტაპზე, მუსიკის სახლი გვაფინანსებს, რაც აფიშების დამზადებასა და პრიზების გადაცემაში გამოიხატება. შარშან ყველა მონაწილე, ვინც პრიზი ვერ აიღო, მათ მიერ დაფინანსდნენ საჩუქრებით. კონკურსში ასევე ჩართულია „სიმფონიეტა“ და მათი პრიზის მფლობელები უკვე მეორე წელია არიან ჩვენი კონკურსანტები. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საპრიზო ფონდი გვქონდეს. უნდა აღნიშნოს, რომ ამ მხრივ, არც ისე მაღალი დონეა საქართველოში, ამიტომ გვინდოდა, უცხოეთიდან მასტერ კლასების ჩასატარებლად პროფესიონალები მოგვეწვია“, – განაცხადა ნინო ჯანჯღავამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
​კონკურსის ორგანიზატორები და ჟიური სამწუხარო ფაქტად თვლიან იმას, რომ შესაძლოა, კონკურსი საერთოდ შეწყდეს. კონკურსის ჟიურის წევრის, ტატო ჯინჯიხაძის ინფორმაციით, ორგანიზაცია, რომელიც დაეხმარება კონკურსს, თავადვე აღმოჩნდება მომგებიან პოზიციაში. ორგანიზატორები დარგის გადასარჩენად ბიზნესმენებს ფინანსური მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
„მივმართავ მშობლებს, რომ ბავშვს, რომელსაც აინტერესებს ეს ფერო, ხელი შეუწყონ. კონკურსის გასაგრძელებლად საჭიროა 7000 ლარი, ეს თანხა გვქონდა წლების მანძილზე კულტურის სამინისტროსგან, მაგრამ ეს იყო მიზერი, რადგან, როდესაც კონკურსი საერთაშორისო მნიშვნელობას იძენს და მხოლოდ მეზობელი სომხეთიდან და ისიც საკუთარი ხარჯებით ჩამოდიან სტუმრები, ცოტა უხერხულია. იყო პერიოდი, როცა ამ კონკურსის დროს, ჟიურიმ მხოლოდ ენთუზიაზმზე იმუშავა“, – განაცხადა ტატო ჯინჯიხაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები