ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადა

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 2 მარტის ბრიფინგზე ითქვა, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული არაა, პრეზიდენტის საპასუხო განცხადება კი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემა “არჩევანის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
“ჩვენ გავმართეთ ბრიფინგი, თუ არ ვცდები 2 მარტი იყო და განვაცხადეთ ის, თუ რა ცვლილებების შეტანას ვგეგმავდით საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენი ხედვა პირდაპირ ცხადყოფდა იმას, რომ სპეკულაციები პრეზიდენტთან დაპირისპირების შესახებ იყო აბსოლუტურად უადგილო და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციები. ამის საპასუხოდ, მეორე დღეს გამოვიდა პრეზიდენტი და სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ანუ რეალურად იმის საპირისპირო რამ თქვა, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით. ჩვენ მოვიყვანეთ კონკრეტული არგუმენტები, რომლითაც ვადასტურებდით, რომ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ არც ერთი ცვლილება არანაირი ფორმით არ იყო მიმართული და მეორე დღეს გამოდის გიორგი მარგველაშვილი და ამბობს ასეთ რამეს, რომ სპიკერის გუშინდელი განცხადება არის დასანანი. ამ განცხადებამ ცხადყო, რომ საქმე გვაქვს არა კონსტიტუციის შენაარსობრივ გადახედვასთან, არამედ ერთ პერსონაზე მორგებულ ცვლილებებთან, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სრულიად შეგნებული მცდელობა იყო”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის სპიკერის განმარტებით, საკონსტიტუციო კომისიამ თქვა, რომ 2018 წლის არჩევნები ჩატარდებოდა პირდაპირი წესით, ანუ პრეზიდენტ მარგველაშვილსაც ექნებოდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
“ეს არის საერთო კონსესუსის საფუძველზე შეთანხმებული პოზიცია კომისიაში. პრეზიდენტი რჩება სახელმწიფოს მეთაურად – ქვეყნის მთავარსარდლად. ჩვენ პრაქტიკულად არ ვეხებით უფლებამოსილებებს, პრეზიდენტის კომპენეტნაციას ვეხებით მხოლოდ იმ ფარგლებში, რომელიც აუცილებელია ვენეციის კომიისიის რეკომენდაციების გასათვალისწინებლად”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ აღნიშნა, რომ თუ პრეზიდენტი არაკორექტულ განცხადებების გაკეთებას გააგრძელებს, შესაძლოა არაპირდაპირ არჩევნებზე იფიქრონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები